ევროპელების 60%-ზე მეტი ომში უკრაინის გამარჯვებას ელის - კვლევა
ევროპელების თითქმის ორი მესამედი (61%) ელის, რომ უკრაინა რუსეთთან ომს მოიგებს. ამის შესახებ ბერტელსმანის ფონდის სოციოლოგიური სამსახურის Eupinions-ის კვლევაში ვკითხულობთ, რომლის შედეგებიც 16 თებერვალს გამოქვეყნდა.
გერმანიაში უკრაინის გამარჯვებას მოსახლების 55% ელის.
გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 68%-ს მიაჩნია, რომ რუსეთის აგრესია უკრაინაში არის თავდასხმა მთელ ევროპაზე. მოსაზრებას, რომ რუსული აგრესია ყველას პირადად ეხება, რადგან ის მთელი ევროპის წინააღმდეგაა მიმართული, იზიარებს პოლონელების 79%, ესპანელების 78% და გერმანელების 65%.
ამავდროულად, ევროპაში გამოკითხულთა 62% ეთანხმება განცხადებას, რომ "უკრაინელები იბრძვიან ჩვენი თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის." სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ კითხვაზე, ევროპელების თითქმის სამი მეოთხედი მიიჩნევს, რომ მხოლოდ უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ, როდის არის შესაფერისი დრო ასეთი მოლაპარაკებების დასაწყებად.
რაც შეეხება ომის გაჩაღებაში ბრალს, გამოკითხულთა ორი მესამედი (66%) მას რუსეთს აკისრებს, 11% შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს, 5% კი ნატოსა და უკრაინას. გამოკითხულთა კიდევ 11%-მა უარი თქვა კითხვაზე პასუხის გაცემაზე.
მოსაზრებები რადიკალურად განსხვავებულია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებზე. ევროკავშირში სანქციებს ქმედითად მიიჩნევს გამოკითხულთა 40%, ხოლო არაეფექტურად, ასევე - 40%.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა დეკემბერში, ევროკავშირის 13 300 მოქალაქეს შორის ჩატარდა. Eupinions-ის მიხედვით, კველვა ევროკავშირის შვიდ ქვეყანაში ჩატარდა: ბელგია, საფრანგეთი, ესპანეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები და პოლონეთი.