ევროპის კავშირმა პესტიციდების საწინააღმდეგო კანონპროექტი გააუქმა
ევროპის კავშირმა ფერმერების პროტესტის შედეგად, პესტიციდების საწინააღმდეგო კანონპროექტი გააუქმა.
„პესტიციდებთან დაკავშირებული შეთავაზება პოლარიზაციის სიმბოლოდ იქცა. წინსვლისთვის მეტი დიალოგი და განსხვავებული მიდგომაა საჭირო“, - ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი.
მწვანე შეთანხმების თანახმად, ევროპის კავშირის სახელმწიფოებმა 2030 წლისთვის ქიმიური პესტიციდებისა და სხვა საშიში ნივთიერებების მოხმარება 50%-ით უნდა შეამცირონ. აღნიშნული გადაწყვეტილება, როგორც გარემოდამცველებმა, ისე სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულმა ადამიანებმა გააკრიტიკეს.
ბრიუსელმა პესტიციდების საწინააღმდეგო კანონპროექტის გაუქმების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოებში ფერმერებმა საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყეს, რამაც მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრება, საქმიანობა, გადაადგილება და ა.შ. მნიშვნელოვნად შეზღუდა.
შეგახსენებთ, რომ ფერმერების საპროტესტო გამოსვლები ევროპის არაერთ ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, საბერძნეთში, პორტუგალიაში, იმართება.
ფერმერების უკმაყოფილება ევროპის კავშირის გარემოს დაცვასთან დაკავშირებულმა რეგულაციებმა, გაზრდილმა ხარჯებმა და შემცირებულმა შემოსავალმა გამოიწვია.
გერმანიაში ფერმერთა საპროტესტო აქციები დეკემბერში დაიწყო. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობის სუბსიდიების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. დემონსტრანტების განცხადებით, სუბსიდიების შეწყვეტა, მათ ბიზნესებს თანდათანობით გააკოტრებს. ბრიუსელში ევროპის კავშირის სამიტის მიმდინარეობისას ფერმერებმა ტრაქტორებით გზა გადაკეტეს. დემონსტრანტების ნაწილმა კი ევროპარლამენტის შენობას კვერცხები და ბოთლები ესროლა. აქციის მონაწილეები მათ მიერ წარმოებულ პროდუქციაზე დაბალ ფასებს, ევროპის კავშირის გარემოსდაცვით პოლიტიკასა და გაზრდილ ბიუროკრატიას აპროტესტებენ.
პორტუგალიელი ფერმერები ადექვატური საკვების, ადამიანის უფლებების დაცვისა და სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული ადამიანების შრომის დაფასების მოთხოვნით აქციებს მართავენ. პროტესტის ნიშნად, მათ ესპანეთისა და პორტუგალიის დამაკავშირებელი გზა ტრაქტორებით გადაკეტეს.
ფრანგი ფერმერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და გარემოსდაცვითი რეგულაციების შემცირებას, საბერძნეთში კი დაფინანსების ზრდას, გადასახადების შემცირებას, იმპორტირებული პროდუქტის კონტროლს, ასევე, ელექტორენერგიისა და საწვავის გაიაფებას მოითხოვენ.