ევროპულმა საბჭომ უკრაინას სამხედრო დახმარება €2 მილიარდამდე გაუზარდა

ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, გაზარდოს უკრაინის სამხედრო დახმარება ევროპული მშვიდობის ფონდის ფარგლებში 500 მილიონით 2 მილიარდ ევრომდე. ამის შესახებ 24 მაისს ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"ხვალინდელი ისტორია დღეს იწერება, უკრაინის ბრძოლის ველებზე... ეს მხარდაჭერის პაკეთი მხოლოდ ევროპის ძალისხმევის ნაწილია, დაეხმაროს უკრაინას თავის დაცვაში. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გადაწყვეტილი არიან გააგრძელონ. ჩვენ ამას ვაკეთებთ ომის დაწყებიდან და ასე გავაგრძელებთ ბოლომდე", - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა.

როგორც ევროსაბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, ახალი ტრანშიდან 490 მილიონი ევრო გადაირიცხება სამხედრო აღჭურვილობისთვის, 10 მილიონი ევრო პირადი დამცავი აღჭურვილობის, პირველადი დახმარების ნაკრებისა და საწვავის ხარჯების დასაფარად.

მსგავსი სიახლეები