ევროზონაში ინფლაციამ 5.1 %-ს მიაღწია

 

ევროსტატის ინფორმაციით, ევროზონაში ინფლაციის მაჩვენებელმა 5.1 %-ს მიაღწია.

ინფლაციის რეკორდულ ნიშნულამდე ზრდას უმეტესად ენერგომატარებლებზე ფასების ზრდამ შეუწყო ხელი (28.6 %-ანი ზრდა), რომელსაც სურსათის კატეგორია მოსდევს (5.2 %).

საბაზო ინფლაცია, რომელიც ენერგო და საკვებ პროდუქტებზე (სურსათი, თამბაქო, ალკოჰოლი) ფასების ცვალებადობას არ ითვალისწინებს, 2.6 %-დან 2.3 %-მდე შემცირდა (გასული წლის დეკემბერთან).

ევროკავშირის 19 წევრ ქვეყანას შორის, რომელიც საერთო ვალუტას იყენებს, ყველაზე მაღალი ინფლაცია ლიეტუვაში დაფიქსირდა (12.2 %), რომელსაც ესტონეთი (11.7 %) და ბელგია (8.5 %) მოსდევს.

სამომხმარებლო ფასების ინდექსი ყველაზე ნაკლებად საფრანგეთში გაიზარდა (3.3 %), რაც ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელს - 2 პროცენტს - მაინც აღემატება.

ინფლაციის მატების მიუხედავად მოსალოდნელია, რომ ბანკის მმართველი საბჭო, რომელიც 3 თებერვალს იკრიბება, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს არსებულ დონეზე შეინარჩუნებს.

ევროპის ცენტრალური ბანკი - ევროზონაში მონეტარული პოლიტიკის მთავარი განმსაზღვრელი - მიიჩნევს, რომ ენერგორესურსებზე ფასების შოკური ზრდისგან და მიწოდების ჯაჭვის ქსელში შეფერხებებისგან გამოწვეული ინფლაცია თანდათანობით შემცირდება და 2023-24 წელს ინდექსი სამიზნე მაჩვენებელს დაუბრუნდება.

მსგავსი სიახლეები