ფაშინიანი: სომხეთი მზადაა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულებას წლის ბოლომდე მოაწეროს ხელი

სტრასბურგში ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა წლის ბოლომდე ხელი მოაწეროს სამშვიდობო ხელშეკრულებას და დაარეგულიროს ურთიერთობები აზერბაიჯანთან.

ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ის გააგრძელებს სამშვიდობო დღის წესრიგს და რეგიონს მშვიდობა სჭირდება. მან განაცხადა, რომ ერევანი მზადაა ხელი მოაწეროს სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომელიც ასახავს ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი აღიარების პრინციპებს და ასევე გულისხმობს სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნას იმ ქვეყნების სუვერენიტეტის პრინციპებზე დაყრდნობით, რომლებზეც ისინი გადის. 

სომხეთის პრემიერის თქმით, სომხური მხარე მზადაა გახსნას მეღრის რკინიგზა, მაგრამ არა როგორც ექსტრატერიტორიული დერეფანი.

ფაშინიანმა ასევე გამოთქვა შეშფოთება, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შესაძლოა ე.წ. დერეფნის საკითხი სომხეთზე ახალი თავდასხმისა და ტერიტორიების მიტაცების საბაბად აქციოს.

სიტყვით გამოსვლისას სომხეთის ლიდერმა ევროპარლამენტარებს მხარდაჭერა სთხოვა რეგიონში მშვიდობის დამყარების პროცესში.

ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის ოფიციალური მოკავშირეები არ დაეხმარნენ სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის სომხების უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებაში. კერძოდ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ როდესაც აზერბაიჯანის თავდასხმის შედეგად მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში 100 ათასი სომეხი გაიქცა, "ჩვენი უსაფრთხოების გარანტორები არათუ არ დაეხმარნენ, არამედ საჯაროდ მოუწოდებდნენ ხელისუფლების შეცვლისკენ და სომხეთი, დემოკრატიული ხელისუფლების დამხობისკენ."

ფაშინიანის თქმით, მსგავსი სცენარი - გარე აგრესია, მოკავშირეების უმოქმედობა, ახალი ომის ან ჰუმანიტარული კრიზისის საფრთხის გამოყენება სომხეთში შიდა დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით, თუნდაც მარიონეტული მთავრობის ჩამოყალიბება, რამდენჯერმე გამოიყენეს სომხეთის წინააღმდეგ, მაგრამ სომეხმა ხალხმა და დემოკრატიამ ყოველ ჯერზე გადაარჩინა ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა.

მან განაცხადა, რომ სომხეთის მზადაა ევროკავშირთან დაახლოებისთვის: "რამდენადაც ევროკავშირი ამას შესაძლებლად მიიჩნევს."

თავის გამოსვლაში ფაშინიანმა აზერბაიჯანის ბოლო თავდასხმა მთიან ყარაბაღზე, ეთნიკურ წმენდად შეაფასა.

ფაშინიანმა ასევე თქვა, რომ ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება სომხეთის 1016 მოქალაქე.

მსგავსი სიახლეები