სომხეთში სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვის ბრალდებით 15 ადამიანი დააკავეს

ერევნის რამდენიმე სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მთავარეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანს და სომხეთის მთავრობის დამხობის შეთქმულებაში ბრალდებულ კიდევ 14 პირს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯოს.
State Of Play: დაკავებულ 15 პირს სომხეთის ხელისუფლება ტერორისტული თავდასხმებისა და სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში ადანაშაულებს. დაკავებები ოთხშაბათს ცნობილი ოპოზიციონერისა და მთავარეპისკოპოსის, გალსტანიანის დაპატირებით დაიწყო, რომელიც ანტისამთავრობო მოძრაობა "წმინდა ბრძოლის" ლიდერია.
- ხუთშაბათს, საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ ჩხრეკის გაგრძელების შედეგად კვლავ იპოვეს "ბრალდებულებისთვის მიკუთვნებული ქმედებების დამადასტურებელი ნივთები," მათ შორის ასაფეთქებელი მოწყობილობები, რომლებიც, მათი თქმით, "ქუჩის ელექტროგაყვანილობისა და ინტერნეტ კავშირის კაბელების დაზიანებისთვის იყო განკუთვნილი."
- ფოტოებზე ნაჩვენებია დიდი რაოდენობით ფერადი ციმციმები, ფეიერვერკებით სავსე ყუთები, კომპიუტერები და ლეპტოპები.
- გალსტანიანთან ერთად, ოთხშაბათს, ხელისუფლებამ ათობით ოპოზიციონერის სახლებში ჩაატარა ჩხრეკა.
Big Picture: მთავარეპისკოპოსის პოლიტიკური მოძრაობა "წმინდა ბრძოლა" ადრე ცნობილი იყო, როგორც "ტავუშის მოძრაობა სამშობლოსთვის."
- ის 2024 წლის გაზაფხულზე დაარსდა, როგორც აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესის საწინააღმდეგო საპროტესტო მოძრაობა, რომელიც ტავუშში, საზღვარზე მდებარე პროვინციაში დაიწყო.
- მოძრაობა თანდათან მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ორგანიზატორად იქცა, რომლებიც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვდნენ.
Context: ხუთშაბათს, პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა კიდევ ერთი მაღალი რანგის სასულიერო პირის, მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფაჰიანის წინააღმდეგ, ძალაუფლების უზურპაციისკენ საჯარო მოწოდებებში ბრალდებით.
- "სომხეთში სამხედრო გადატრიალების მოწყობა აუცილებელია," - განაცხადა აჯაფაჰიანმა.
- რეიდებიდან და დაპატიმრებებიდან მეორე დღეს, ფაშინიანმა საქმის გახსნაში ჩართული სომხეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელბის სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა მოითხოვა.
- სომხეთის პრემიერის თქმით, ქვეყანაში "კიდევ ერთი 27 ოქტომბერი" აღიკვეთა.
- მან 1999 წლის 27 ოქტომბერს მომხდარი ტერორისტული თავდასხმა გაიხსენა, რომელშიც ხუთკაციანი ჯგუფი მონაწილეობდა, რომლებმაც პრემიერ-მინისტრი ვაზგენ სარგსიანი, პარლამენტის თავმჯდომარე კარენ დემირჩიანი და კიდევ ექვსი მინისტრი და დეპუტატი მოკლეს. მიუხედავად იმისა, რომ მკვლელები გასამართლდნენ და დააპატიმრეს, საქმე, ძირითადად, გაუხსნელი რჩება.