ფინეთი და ნიდერლანდები უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გადასცემენ
ფინეთი უკრაინას დამატებით თავდაცვით დახმარებას გაუწევს, შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობის წინადადებით პრეზიდენტმა საული ნიინისტემ უკვე დაამტკიცა. ამის შესახებ ფინეთის თავდაცვის სამინისტრომ 19 აპრილს განცხადება გაავრცელა.
ამავდროულად, თავდაცვის სამინისტროს არ დაუკონკრეტებია სამხედრო დახმარების დეტალები და მიწოდების დრო.
"ფინეთის დამატებითი დახმარება ითვალისწინებს როგორც უკრაინის საჭიროებებს, ასევე თავდაცვის ძალების რესურსებთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას", - ნათქვამია განცხადებაში.
19 აპრილს ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ Twitter-ზე დაწერა, რომ მისი ქვეყანა მზად არის უკრაინას მძიმე შეიარაღება, კერძოდ, ჯავშანტექნიკა გაუგზავნოს.
"ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარში, თავდაცვის მინისტრმა და მე გამოვხატეთ მხარდაჭერა, რადგან რუსეთი ახალ შეტევას იწყებს. ნიდერლანდები უკრაინაში მძიმე ტექნიკას, მათ შორის, ჯავშანტექნიკას გაგზავნის. მოკავშირეებთან ერთად განვიხილავთ დამატებითი მძიმე ტექნიკის მიწოდების შესაძლებლობას", - წერს რუტე.