ფინეთი მზად არის სხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად უკრაინას Leopard-ები გადასცეს
ფინეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ფინეთი მზად არის უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკები გადასცეს იმ შემთხვევაში თუ ამას სხვა ევროპული სახელმწიფოებიც გააკეთებენ.
ამის შესახებ ანთი გიაკინენმა გამოცემა Uutiset-თან საუბარში განაცხადა.
გიაკინენის თქმით, რუსეთთან დიდი საზღვრის გამო ფინეთისთვის პრიორიტეტული საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გაზრდაა, მაშინ როდესაც ევროპაში ბევრი სახელმწიფოა, რომელსაც უკრაინის დასახმარებლად ფინეტზე მეტის გაკეთება შეუძლია და ამავდროულად არ ესაზღვრება რუსეთს.
"თუ ევროპა აპირებს უკრაინისთვის ტანკების მიწოდების მასშტაბის გაზრდას, ფინეთისთვის მიზანშეწონილი იქნება შეუერთდეს ამ ძალისხმევას. ცხადია ჩვენი წვლილი დიდი არ იქნება, მაგრამ მზად ვართ უკრაინას გადავცეთ Leopard-ის ტიპის ტანკები",- თქვა გიაკინენმა.
კონტექსტი
ომის დაწყების შემდეგ ფინეთმა უკრაინას 200 მილიონი ევროს ღირებულების შეიარაღება გადასცა. ფინეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული შეიარაღების სრული ჩამონათვალი ამ დრომდე არ გასაჯაროებულა და დიდი ნაწილი საიუდუმლოდ რჩება.
ცნობილია, რომ ფინეთმა შეიარაღების გარდა უკრაინას არმიის ზამთრის აღჭურვილობა და სპეციალიზებული ტანსაცმელი გადასცა. გარდა ამისა, ფინელი ინსტრუქტორები მონაწილეობენ უკრიანელი სამხედროების წვრთნის პროცესში, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს.