ფინეთი: სანა მარინმა არჩევნებში დამარცხება აღიარა

01:28 განახლება: დათვლილია ხმების 100%. ძირითადი პარტიების შედეგი არ შეცვლილა, გარდა ფინელების პარტიისა - მათ 20.1% აიღეს.

ფინეთის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, პრემიერ-მინისტრ სანა მარინის სოციალ-დემოკრატიული პარტია დამარცხდა.

ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანახმად, დათვლილია ხმების 99.8%.

პირველ ადგილზე მემარჯვენე-ცენტრისტული ეროვნული კოალიცია გავიდა ხმების 20.8%-ით.

მათ მოსდევს ულტრამემარჯვენე ფინელების პარტია 20%-ით.

სანა მარინის სოციალ-დემოკრატიული პარტია კი 19.9%-ით მხოლოდ და მხოლოდ მესამე ადგილზეა.

მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა დამარცხება უკვე აღიარა და ოპონენტებს გამარჯვება მიულოცა.

"ვულოცავ არჩევნებში გამარჯვებულებს, ვულოცავ ეროვნული კოალიციის პარტიას და ვულოცავ ფინელების პარტიას. დემოკრატიამ თავისი სიტყვა თქვა", - განაცხადა სანა მარინმა.

ფინეთს წინ რთული კოალიციური მოლაპარაკებები ელოდება. პირველ და მეორე ადგილებზე გასული პარტიები თანამშრომლობაზე თანახმა არიან, თუმცა პრობლემა იმაშია, რომ მხოლოდ მათ უმრავლესობა არ აქვთ.

შესაბამისად, ეროვნულ კოალიციასა და ფინელების პარტიას სხვა პარტიების მხარდაჭერაც დასჭირდებათ, რაც ფინელების პარტიის არაპოპულარული პოზიციების გამო, შეიძლება გართულდეს.

37 წლის სანა მარინი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი 2019 წლის დეკემბრიდან იყო. მისი მმართველობისას ფინეთმა გადაიტანა კოვიდის პანდემია და რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ნატო-ში შევიდა.

 

 

მსგავსი სიახლეები