ფინეთი უკრაინას 106 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს
ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ, ქვეყნის მთავრობის წინადადებით, უკრაინის სამხედრო დახმარების 21-ე პაკეტი დაამტკიცა.
ამის შესახებ ფინეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი იტყობინება.
პაკეტის ღირებულება დაახლოებით 106 მილიონი ევროა.
"ფინეთი აპირებს უკრაინის მხარდაჭერას მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში. თავდაცვის პაკეტების ჯამური ღირებულება, რომელიც ჩვენ უკვე მივაწოდეთ, არის 1.6 მილიარდი ევრო," - თქვა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენმა.
სამინისტროს ცნობით, "ოპერატიული მიზეზების გამო და დახმარების უსაფრთხო მიწოდების უზრუნველსაყოფად," ინფორმაცია მისი ზუსტი შინაარსის, მეთოდებისა და მიწოდების დროის შესახებ არ არის საჯარო.
"დამატებითი დახმარება უკრაინის საჭიროებებისა და თავდაცვის ძალების რესურსების მდგომარეობის გათვალისწინებით გამოიყო," - ნათქვამია განცხადებაში.
12 ნოემბერს ფინეთის საგარეო ვაჭრობისა და განვითარების მინისტრმა ვილ ტავიომ განაცხადა, რომ ჯამში ქვეყანამ უკრაინას უკვე 2.1 მილიარდი ევროს დახმარება მიაწოდა.