ფინეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთთან საზღვარზე ბარიერის მშენებლობას მხარი დაუჭირა
პრემიერ-მინისტრი სანა მარინი მიიჩნევს, რომ ფინეთსა და რუსეთს შორის საზღვარზე ნაწილობრივი გალავანის აშენების საფუძველი არსებობს. ამის შესახებ მან 3 ოქტომბერს განაცხადა, მას Yle ციტირებს.
მანამდე ფინეთის სასაზღვრო დაცვამ კონტროლის გასაძლიერებლად აღმოსავლეთ საზღვრის ყველაზე მნიშვნელოვან პუნქტებზე ბარიერების აშენებაზე ისაუბრა. პრემიერის თქმით, იდეა კარგია და სერიოზულად უნდა განიხილონ.
"მე დავინახე, რომ ამ საკითხში ერთსულოვნება ჯერ კიდევ საჭიროა, მაგალითად, საპარლამენტო პარტიებს შორის. თუმცა, არსებობს პირობები გადაწყვეტილების მისაღებად", - აღნიშნა მარინმა.
პოლიტიკოსი იმედოვნებს, რომ აღმოსავლეთ საზღვრის შესაძლო შემოღობვის შესახებ გადაწყვეტილებას სწრაფად მიიღებენ. თუმცა, მან არ დააკონკრეტა კონკრეტული თარიღები.
ფინეთს სახმელეთო საზღვარი რუსეთთან დაახლოებით 1300 კმ-ია. მესაზღვრეების განცხადებით, ფიქსირებული ღობე მაქსიმუმ 260 კმ მანძილზე იქნება საჭირო.
"ეს არ იქნება სწრაფი პროცესი, მაგრამ რამდენიმე წელი დასჭირდება. ამიტომ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ერთსულოვნება მნიშვნელოვანი იქნება", - განაცხადა მარინმა.
ფინეთის პრემიერ-მინისტრს არ სჯერა, რომ სასაზღვრო ბარიერები ფინეთსა და რუსეთს შორის დაძაბულობას გაზრდის.
"ევროპა ომშია. ამაზე ბევრად დაძაბულ სიტუაციაში ვერ მოხვდები", - განაცხადა მარინმა.