ფინეთის პრემიერი ირპენს და ბუჩას ესტუმრა და ზელენსკის შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინეთის პრემიერ-მინისტრს სანა მარინს, რომელიც უკრაინაში იმყოფება, სამხედრო დახმარებისთვის და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ კიევის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"ჩვენთვის ფინეთის სამხედრო დახმარება ძალიან ღირებულია. იარაღი, სანქციების პოლიტიკა და ჩვენი პარტნიორების ერთიანობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში არის ის, რაც უზრუნველყოფს ჩვენი მიწის დაცვას. მადლობა ფინეთის პრემიერ-მინისტრ სანა მარინს. ვიზიტისა და თავდადებული მხარდაჭერისთვის!" - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდის ცნობით, ფინეთის მხარდაჭერა მოიცავს თავდაცვითი დახმარების ხუთ პაკეტს, სანქციებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, ასევე ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას.
ვიზიტის ფარგლებში მარინი ასევე ეწვია ბუჩას და ირპინს, იტყობინება კიევის რეგიონალური ადმინისტრაციის პრესსამსახური.
"უცხოურმა დელეგაციამ მოინახულა ტრაგიკული ადგილები, სადაც რუსულმა არმიამ მშვიდობიანი უკრაინელების გენოციდი ჩაიდინა", - ნათქვამია განცხადებაში.
"ძალიან ძნელი იყო იმის დანახვა, თუ რა გაუკეთა რუსეთმა ამ ქალაქებს. ამდენი ადამიანი დაიღუპა. მაგრამ ამავე დროს, აღფრთოვანებული ვარ უკრაინელი ხალხის გმირული სულით, რომელიც იბრძვის თავისი თავისუფლებისთვის და მთელი ევროპისთვის." - თქვა მარინმა.
მან აღნიშნა, რომ მის ქვეყანას და ხალხს დღეს მშვენივრად ესმით უკრაინელები, მათი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე.