ფინეთის პრემიერი: უკრაინის ადგილი დასავლეთშია - ევროკავშირსა და ნატოში
ფინეთის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი პეტერი ორპო კიევში იმყოფებოდა, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა სამ ძირითად საკითხზე ისაუბრეს, ესენია - ომის დროს მატერიალური და პოლიტიკური მხარდაჭერა, ფინეთის დახმარება უკრაინის რეკონსტრუქციის პროცესში და მხარდაჭერა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
სანა მარინის შეცვლის შემდეგ, ეს გახლავთ ფინეთის ახალი პრემიერ-მინისტრის პეტერი პირველი ვიზიტი უკრაინაში.
"უკრაინელი ხალხი იბრძვის საერთო ღირებულებებისთვის და საკუთარი თავისუფლებისთვის. უკრაინის ადგილი დასავლეთშია - ევროკავშირსა და ნატოში." განაცხადა ორპომ, შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ამ დრომდე, ფინეთმა $1.7 მილიარდის დახმარება გაუწია უკრაინას, რომლის უდიდესი ნაწილიც ($1,2 მლრდ) სამხედრო ხასიათის იყო.
პეტერი ორპომ ასევე აღნიშნა, რომ სულ მალე, ფინეთის მთავრობა, უკრაინას, სამხედრო მხარდაჭერის 18-ე პაკეტეს გადასცემს, რაზეც ინფორმაცია, ცნობილი, უახლოეს მომავალში გახდება.
უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ფინეთის პრემიერი ირპინში გაემგზავრა, სადაც ის დროებითი განთავსების ადგილები მოინახულა, რომელიც მისი ქვეყნის ფინანსური მხარდაჭერით აშენდა.