ფინეთის პრემიერი: უკრაინის ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებები დეკემბერში დაიწყება
ფინეთის პრემიერ-მინისტრი პეტერი ორპო მიიჩნევს, რომ უკრაინასა და ევროკავშირს შორის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დეკემბერში შეიძლება დაიწყოს.
"ჩემი აზრით, უკრაინამ საკმაოდ კარგ პროგრესს მიაღწია იმ ამოცანების შესრულებაში, რომლებიც მას [ევროკავშირმა] დაუსახა." - აღნიშნა ფინეთის პრემიერმა.
მისი თქმით, ერთ კვირაში მომზადდება ანგარიში, თუ რა პროგრესს მიაღწიეს აპლიკანტმა ქვეყნებმა ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნების შესრულებაში.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს ვიდეომიმართვაში მოუწოდა, მხარი დაუჭირონ წლის ბოლოს, ევროკავშირში გაწევრიანებაზე უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას.
ევროკომისია 8 ნოემბერს გამოაქვეყნებს უკრაინის პროგრესის პოზიტიურ შეფასებას იმ რეფორმებში, რომლებიც მან უნდა განახორციელოს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციისთვის, მაგრამ ეს შეფასება შეიძლება შეიცავდეს დამატებით პირობებს.
მედიის ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, სავარაუდოდ, უკრაინაში ჩავა. ეს ვიზიტი შეიძლება მიუთითებდეს, რომ რეფორმებში კიევის პროგრესის შეფასება დადებითი იქნება.