ფინეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვა სწორია

ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი თვლის, რომ რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება სწორი იყო, რადგან ამან ხელი შეუწყო ესკალაციის თავიდან აცილებას.

"პირველი ის არის, რომ რუსეთი, პუტინი, ხალხს ომში იარაღად იყენებს, იარაღად, რაც არის დაუნდობელი, ცინიკური და ფუნდამენტურად არასწორი. უკვე ჩასულია ბევრი ადამიანი ერაყიდან, იემენიდან, ეთიოპიიდან და სირიიდან - დაახლოებით 1300-1500 ადამიანი. მეორე არის შიში, რომ მობილიზაცია გამოიწვევს რუსი მამაკაცების ქვეყნიდან ფინეთის გავლით გაქცევას," - თქვა სტუბმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ მთავრობა პარლამენტში სასაზღვრო პროცედურების შესახებ ახალი კანონის დამტკიცებას შეძლებს. კითხვაზე, რომ კანონი ეწინააღმდეგება საერთაშორისო კონვენციებს და ადამიანის უფლებებს, ფინეთის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ საუბარი არ არის ჩვეულებრივ ლტოლვილებზე.

"სიტუაცია (საზღვარზე) საკმაოდ მშვიდია, ანუ ჩვენ სწორ გზაზე ვართ", - განაცხადა სტუბმა.

"საერთაშორისო სამართლის პერსპექტივიდან, მე ბევრი მიფიქრია იმაზე, იქნება თუ არა ეს (სასაზღვრო პროცედურების კანონის მიღება) გარდამტეხი მომენტი. ეს არ ეხება ჩვეულებრივ ლტოლვილებსა და მიგრანტებს, ეს ეხება ადამიანების გავლენის ინსტრუმენტად გამოყენებას. და ეს არის ის მიმართულება, სადაც საერთაშორისო სამართალი უნდა აჰყვეს დროს," - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარი რანტანენმა სახმელეთო საზღვრის მუდმივი ჩაკეტვის გამოცხადებისას აღნიშნა, რომ ფინეთის საზღვართან რუსეთის ტერიტორიაზე ასობით ან ათასობით მიგრანტია, რომლებიც შეიძლება ფინეთზე ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენონ.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფინეთის სასაზღვრო სამსახურმა გამოძიება 20-მდე საქმეზე დაიწყო, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთთან საზღვრის გავლით ფინეთში უკანონო შესვლის ორგანიზებასთან.

 

მსგავსი სიახლეები