ფინეთის პრეზიდენტმა ნატოში გაწევრიანების შესახებ კანონებს ხელი მოაწერა
ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ 23 მარტს ხელი მოაწერა კანონებს ნატოში შესვლის შესახებ. სახელმწიფოს მეთაური ხელმოწერის აქტს ლაკონურად გამოეხმაურა ფრაზით: "აი ისინი", რის შემდეგაც მან დატოვა პრეზიდენტის სასახლის დარბაზი, სადაც ჟურნალისტები შეიკრიბნენ. ამ ინფორმაციას ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
გაზეთი Helsingin Sanomat წერს, რომ ქვეყნის ალიანსში გასაწევრიანებლად საჭირო შიდასაკანონმდებლო პროცედურები დასრულებულია.
ფინეთის პარლამენტმა 1 მარტს ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა მთავრობის წინადადებას ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლის შესახებ. დეპუტატებმა ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულება დაამტკიცეს, ასევე შეთანხმებები ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სტატუსის, ეროვნული წარმომადგენლებისა და საერთაშორისო პერსონალის სტატუსის შესახებ.
შვედეთმა და ფინეთმა 2022 წლის მაისში ტრადიციულ ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს, რისი მიზეზიც უკრაინაში რუსეთის აგრესია იყო. ამ ქვეყნების განაცხადი ნატოს 30 სახელმწიფოდან 28-მ უკვე დაამტკიცა.
ფინეთის მიერ სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნები თურქეთი და უნგრეთი იყო.
14 მარტს შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ ფინეთი შვედეთის გარეშე შეუერთდება ნატოს.
უნგრეთის პარლამენტი ფინეთის განაცხადს კენჭს 27 მარტს უყრის. ბუდაპეშტი შვედეთის შესახებ გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს. შვედეთის პარლამენტმა უკვე დაუჭირა მხარი სამეფოს ნატოში გაწევრიანებას.