ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნები ალექსანდერ სტუბმა მოიგო
ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 11 თებერვალს გაიმართა, რომელშიც გამარჯვება ალექსანდერ სტუბმა მოიპოვა.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 იანვარს ჩატარდა - ალექსანდერ სტუბმა ამომრჩეველთა ხმების 27.2%, ხოლო პეკა ჰაავისტომ 25.8% მოიპოვა. გამომდინარე იქიდან, რომ ხმების 50%-ზე მეტის მოპოვება ვერცერთმა კანდიდატმა შეძლო, 11 თებერვალს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩაინიშნა.
ფინეთის პრეზიდენტი 6 წლის ვადით აირჩევა და სხვა ევროპული ქვეყნების უმეტესობისგან განსხვავებით, ის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ჩამოყალიბებაში აღმასრულებელი ძალაუდლების მფლობელია.
ფინეთის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი მთავრობასთან ერთად წყვეტს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებს. ასევე, ის ნიშნავს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, ხელს აწერს კანონპროექტებს და მოქმედებს, როგორც ერის მორალური ლიდერი.
ალექსანდერ სტუბი „ეროვნული კოალიციური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატია. 2004-2008 წლებში ევროპარლამენტის წევრის, 2008-2011 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრის, 2011-2014 წლებში ევროპული საქმეებისა და ვაჭრობის მინისტრის, 2012-2015 წლებში პრემიერ-მინისტრი, 2014-2015 წლებში პრემიერ-მინისტრის და 2015-2016 წლებში ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
2017 წელს სტუბმა ფინეთის პოლიტიკა დატოვა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე პრეზიდენტი, მოგვიანებით კი ფლორენციის ევროპული უნივერსიტეტის ინსტიტუტის დირექტორი გახდა. ის პოლიტიკაში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დაბრუნდა.
პეკა ჰაავისტო პოლიტიკური პარტია „მწვანე ლიგის“ პრეზიდენტობის კანდიდატია. ის 1995-1999 წლებში გარემოს მინისტრის, 2013-2014 წლებში საერთაშორისო განვითარების მინისტრის და 2019-2023 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
წინასაპრეზიდენტო დებატები ძირითადად ფინეთის, როგორც ნატო-ს წევრი სახელმწიფოს როლს, ასევე, მეზობელ რუსეთის ფედერაციაში არსებულ ვითარებას და მის გავლენას ფინეთის უსაფრთხოებაზე დაეთმო.
2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ფინეთის პრეზიდენტს, როგორც არმიის უმაღლესი მეთაურისა და საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირის, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს.