ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი 6-7 თვეში რუსეთზე ენერგეტიკულ დამოკიდებულებას თავს დააღწევს

რუსული ენერგეტიკული შანტაჟის საპასუხოდ, ევროკავშირი ექვს-შვიდ თვეში რუსეთის ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევას გეგმავს. ამის შესახებ 8 სექტემბერს, ევროკავშირის პორტალზე გამოქვეყნებულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

მან ევროპის რუსეთეზე ენერგეტიკული დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას "აბსოლუტური აუცილებლობა" უწოდა. ამ მიზნით, ევროკავშირი გეგმავს მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციას და მასიური ინვესტიციების განხორციელებას განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებაში, თქვა ფონ დერ ლაიენმა.

"მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ და უფრო ძლიერები ვართ. ნორვეგია ევროკავშირს უკვე აწვდის ბევრად მეტ გაზს, ვიდრე რუსეთი. ომის დასაწყისში მთელი იმპორტირებული გაზის 40% რუსული იყო. ეს მრავალი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. დღეს მხოლოდ 9% არის რუსული გაზი და ეს გვიჩვენებს, რომ ექვს-შვიდ თვეში - ჩვენ ამას უკვე მივაღწევთ - მთლიანად გავთავისუფლდებით რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულებისგან", - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.

ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა მთლიანად შეაჩერა რუსული ქვანახშირის იმპორტი, ამცირებს ნავთობის იმპორტს და დივერსიფიკაციას უკეთებს გაზის მიწოდების მარშრუტებს, რათა დამაჯერებლად გადალახოს მომავალი ზამთარი.

მსგავსი სიახლეები