ფონ დერ ლაიენი: ევროპა ზამთარში რუსული გაზის გარეშე კარგად იქნება

ევროპას ზამთარში გადარჩენა შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ენერგეტიკული გიგანტი "გაზპრომი" გაზის მიწოდებას "განზრახ ამცირებს", ამის შესახებ შაბათს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

"ბუნებრივი აირის მიწოდების სრულად შეწყვეტის შემთხვევაშიც, ჩვენ ამ ზამთარში უსაფრთხოდ ვართ. ამ დროისთვის ჩვენ შევძლებთ რუსული გაზის ჩანაცვლებას თხევადი ბუნებრივი აირით, რომელსაც ვიღებთ ჩვენი მეგობრებისგან მთელი მსოფლიოდან", - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

დასავლეთის ქვეყნებსა და რუსეთს შორის მიმდინარე დაძაბულობის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი ენერგომომარაგებაა, რადგან ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა - როგორიცაა გერმანია და იტალია - რუსულ გაზზეა დამოკიდებული.

კომისიის პრეზიდენტი დაჟინებით აცხადებს, რომ ევროპა მზადაა რუსული გაზის შესაძლო შეწყვეტისთვის და ალტერნატიული მიმწოდებლებიც ჰყავს, მათ შორის, აშშ.

მან ასევე განმარტა, რომ ევროპის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა საჭიროების შემთხვევაში უკრაინისთვის გაზის მიწოდებისთვის შეიძლება გამოიყენონ.

ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროპამ უნდა დააჩქაროს განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლა, რაც რუსული გაზისგან დამოუკიდებლობას მიანიჭებს.  

 

მსგავსი სიახლეები