ირანი 5 წელიწადში გაზის მოპოვების დღეში 1.3 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდას გეგმავს
ირანის გაზის მოპოვება ხუთ წელიწადში დღეში 1.3 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. ამჟამად ეს მაჩვენებელი 1.07 მილიარდი კუბური მეტრია.
ამის შესახებ Reuters-ის ცნობით, ირანის ნავთობის მინისტრმა ჯავად ოუჯიმ განაცხადა.
ოუდჯიმ ალჟირში გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის (GECF) მეშვიდე სამიტზე აღნიშნა, რომ "ირანის ცენტრალური როლის უზრუნველსაყოფად გლობალურ ენერგეტიკაში" 80 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება მისი გაზის საბადოების განვითარებაში.
ირანში წარმოებული გაზის უმეტესი ნაწილი ქვეყნის შიგნით მოიხმარება ან დაწვის დროს იკარგება, და ექსპერტები აცხადებენ, რომ მომდევნო წლებში ქვეყანას შეიძლება დღეში 300 მილიონი კუბური მეტრის გაზის დისბალანსი დაემუქროს.
საყოფაცხოვრებო გაზის მოხმარება ზამთრის თვეებში დღე-ღამეში რეკორდულ 700 მილიონ კუბურ მეტრს უახლოვდება. ახლახან ნავთობის მინისტრმა ირანელებს მოხმარების შეზღუდვისკენ მოუწოდა.