ფრიდრიხ მერცმა მასკი ულტრამემარჯვენე პარტია AfD-ს მხარდაჭერისთვის გააკრიტიკა

გერმანიის მთავარი ოპოზიციური ძალის, CDU/CSU-ს ლიდერმა ფრიდრიხ მერცმა ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი ულტრამემარჯვენე პარტიის, ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) მხარდასაჭერად Welt am Sonntag-ში გამოქვეყნებული მოსაზრების სვეტისთვის გააკრიტიკა.

"ილონ მასკის საარჩევნო მოწოდება შემაშფოთებელი და თავხედურია. მასკს რამდენიმე რამ უნდა წაეკითხა მოსაზრების დაწერისას. AfD-ს მიერ მხარდაჭერილი ევროკავშირის დატოვება მძიმედ დააზარალებს გერმანიის ეკონომიკას და სამუშაო ადგილებს ჩვენს ქვეყანაში, არა მხოლოდ საავტომობილო ინდუსტრიას. როგორც კავშირი, ჩვენ ვიხელმძღვანელებთ მხოლოდ იმით, რაც გერმანიის ინტერესებშია." - განაცხადა კანცლერობის კანდიდატმა.

მისი თქმით, არ ახსოვს დასავლური დემოკრატიების ისტორიაში მეგობარი ქვეყნის საარჩევნო კამპანიაში ჩარევის მსგავსი შემთხვევა.

მასკმა ანტი-უკრაინული და ევროსკეპტიკური პოზიციებით ცნობილ AfD-ს "ამ ქვეყნის უკანასკნელი იმედი" უწოდა.

ამის საპასუხოდ მერცმა თქვა: "ერთი წუთით წარმოიდგინეთ ამერიკელების გამართლებული რეაქცია, New York Times-ში ცნობილ გერმანელ ბიზნესმენს მსგავსი სტატია რომ გამოექვეყნებუნა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში აუტსაიდერის მხარდასაჭერად."

მასკის მოსაზრების სვეტის გამო, Welt am Sonntag-ის მოსაზრების განყოფილების რედაქტორმა ევა მარი კოგელმა პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა.

მანამდე ამერიკელმა მილიარდერმა თავის X-ზე დაწერა, რომ "გერმანიის გადარჩენა მხოლოდ AfD-ს შეუძლია."

ფრიდრიხ მერცი არჩევნებში გამარჯვების და კანცლერობის მთავარი პრეტენდენტია.

საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს (CDU/CSU) მოსახლეობის 31% უჭერს მხარს, ულტრამემარჯვენე პარტია AfD-ს - 20%, შოლცის სოციალ-დემოკრატებს - 17%, მწვანეებს - 12%, პრო-რუსი პოლიტიკოსის, სარა ვაგენკნეხტის ალიანსს (BSW) - 7%, ლიბერალ თავისუფალ დემოკრატებს - 4%.

მსგავსი სიახლეები