ФСБ-ს დირექტორი: ერთი უკრაინელი ჯარისკაცი ტყვედ ავიყვანეთ
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დირექტორის, ალექსანდრ ბორტნიკოვის თქმით, რუსულმა მხარემ ტყვედ აიყვანა ერთი უკრაინელი სამხედრო, რომელიც თითქოსდა დღეს დილით რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრილი "უკრაინული დივერსიული დაჯგუფების წევრი იყო"
_______________________________________________________
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ მათ რუსეთის ტერიტორიაზე გადასული უკრაინის არმიის კონტროლირებადი სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი გაანადგურეს.
რუსი სამხედროების ინფორმაციით, უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე კერძოდ როსტოვის რაიონის სოფელ მიტიაკინსკაიაში შემოვიდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯავშანტრასპორტიორი, რომელიც ადგილზე მყოფ მესაზღვრეებმა შენიშნეს.
რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, რუსმა მესაზღვრეებმა დახმარება თხოვეს სამხედროებს, რის შემდეგაც ადგილზე სროლა გაჩაღდა. რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის ცნობით, სროლის შედეგად მოკლულია "უკრაინის დივერსიული დაჯგუფების 5 წევრი და განადგურებულია მათი ჯავშანტრანსპორტიორი".
ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან არ არიან დაშავებულები და არც გარდაცვლილები.