FT: ბაიდენი ახლოსაა გადაწყვეტილებასთან გადასცეს უკრაინას ATACMS-ის რაკეტები
ჯო ბაიდენი ახლოს არის გადაწყვეტილებასთან გადასცემს უკრაინას ATACMS-ის სახელით ცნობილი ტაქტიკური რაკეტები, რომელთა მოქმედების რადიუსიც 300 კილომეტრია.
ინფორმაციას ამის შესახებ Financial Times ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გაზეთის მიერ მომზადებულ მასალაში ნათქვამია, რომ ამერიკული ადმინისტრაცია დიდი ხნის განმავლობაში არიდებდა თავს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, თუმცა გასულ თვეებში უკრაინის არმიის კონტრიერიშის გაჭიანურებასთან ერთად საკითხი კვლავ აქტუალური გახდა.
"გადაწყვეტილება შესაძლოა ძალიან მალე გამოცხადდეს",- ამბობს გამოცემასთან საუბარში თეთრი სახლის მაღალჩინოსანი.
კონტექსტი
უკრაინისთვის ATACMS-ების გადაცემის გადაწყვეტილების მოახლოების შესახებ იტყობინებოდა რამდენიმე დღის ტელეარხი ABC.
საკითხის შესახებ ჟურნალისტების დასმულ კითხვაზე ჯეიკ სალივანის მოადგილემ, ჯონ ფაინერმა განაცხადა, რომ არაფერია გამორიცხული, თუმცა ამ დროისთვის საკითხთან დაკავშირებით ახალი არაფერი იყო.
ჯო ბაიდენს უკრაინისთვის შორი მანძილის რაკეტების გადაცემას უკვე მრავალი თვეა თხოვენ ორპარტიული ჯგუფი, როგორც კონგრესში, ასევე, სენატში.
გასულ კვირას ენტონი ბლინკენის კიევში ვიზიტისას ამ თემას შეეხო ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის უფროსი, ანდრეი ერმაკიც, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ადრე თუ გვიან უკრაინა შეიარაღებას მიიღებდა.
საყურადღებოა, რომ უკრაინამ უკვე მიიღო შორი რადიუსის რაკეტები საფრანგეთისგან და დიდი ბრიტანეთისგან, თუმცა საავიაციო ბაზირების Storm Shadow-სგან განსხვავებით, ATACMS-ების გამოყენება უკრაინის არმიის განკარგულებაში არსებული HIMARS-ების დანადგარებისგანაც შეიძლება.