FT: ევროპის საცავებში რეკორდული მოცულობის ბუნებრივი აირი დაგროვდა

მოსალოდნელზე თბილი ზამთრის შემდეგ ევროკავშირის საცავებში დაგროვილი ბუნებრივი აირის რეკორდული მარაგი იმედს იძლევა, რომ ევროგაერთიანება სწრაფად დაძლევს დამოკიდებულებას რუსულ გაზზე. 

ამის შესახებ Financial Times წერს

ოფიციალური მონაცემების მიხედვით ევროკავშირის გაზის საცავები 55.7%-ით არის შევსებული, რაც 2011 წლის აპრილის შემდეგ რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. ეს დაახლოებით 20%-ით აღემატება გასული 5 წლის მაჩვენებლებს.

"ევროკავშირის საცავები ნახევარზე მეტად სავსეა, რაც ნიშნავს, რომ გათბობის სეზონი კომფორტულ პოზიციაში დავხურეთ",- ამბობს გამოცემასთან საუბარში კადრი სიმსონი, ევროკავშირის ენერგოკომისარი. 

კომისარის თქმით, ამგვარად ევროკავშირს აქვს საშუალება კიდევ უფრო მეტად შეამციროს თხევადი გაზის შესყიდვები რუსეთიდან. "განახლებადი ენერგიის წილის ზრდისა და მოწოდების წყაროების შემდგომი დივერსიფიკაციის შედეგად რუსულ თხევად გაზზე უარის თქმას ევროკავშირის რამდენიმე წევრი შეძლებს."

კონტექსტი

ევროკომისიის თავდაპირველი გეგმით, მიმდინარე წლის ნოემბრისთვის საცავებში არსებული გაზის მოცულობა 90% უნდა ყოფილიყო, თუმცა შეცვლილ რეალობაში ამ მიზნის მიღწევა უკვე ივლისში იქნება შესაძლებელი. 

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე ევროკავშირის გაზის საჭიროებების 40%-ს სწორედ რუსეთი უზრუნველყოფდა. მას შემდეგ რაც რუსეთმა გასული წლის ზაფხულიდან ევროკავშირთან დამაკავშირებელი გაზსადენებში გატარებული გაზის რაოდენობა მკვეთრად შეამცირა, ევროკავშირმა ალტერნატიული წყაროების ძებნა დაიწყო. 

მარაგების შესავსებად ევროკავშირმა მკვეთრად გაზარდა რუსეთიდან თხევადი გაზის შესყიდვები - 2022 წლის განმავლობაში ზრდამ 39% შეადგინა, რაც ჯამურად 22 მილიარდ კუბურ მეტრს უტოლდება. 

ჭარბი მარაგების ფონზე მკვეთრად დაეცა ბუნებრივი აირის საერთაშორისო ფასებიც, გარდა ამისა რეკორდული მარაგების ფონზე ევროკავშირმა შესაძლოა დააწესოს საფასო ჭერი რუსეთის მიერ წარმოებულ თხევად გაზზეც. 

 

მსგავსი სიახლეები