FT: ტრამპის გუნდმა ევროპელებს აცნობა, რომ გააგრძელებს უკრაინის დახმარებას

დონალდ ტრამპის გუნდმა ევროპელ პარტნიორებს აცნობა, რომ ამერიკელი პრეზიდენტის ადმინისტრაცია გააგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებას, თუმცა ნატოს წევრი სახელმწიფოებისგან თავდაცვის ხარჯების გაორმაგებას ითხოვს. 

ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Financial Times ავრცელებს

გაზეთის ცნობით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების გადაწყვეტილების შესახებ ტრამპის გუნდმა ევროპელ პარტნიორებს მიმდინარე თვეში აცნობა. 

მასალაში აღნიშნულია, რომ ტრამპი წინასაარჩევნო პერიოდში უკრაინის სამხედრო დახმარების შეწყვეტის პირობას და სამშვიდობო მოლაპარაკებების ორგანიზების დაპირებას გასცემდა.

თუმცა, საკითხში გაცნობიერებულ 3 წყარო ამბობს, რომ ტრამპმა პოზიცია შეიცვალა და ინაუგურაციის შემდეგ კვლავ აპირებს კიევის სამხედრო დახმარებას. 

ამავდროულად, დონალდ ტრამპი ნატოს წევრი პარტნიორი ქვეყნებისგან თავდაცვაზე ხარჯების გაორმაგებას მოითხოვს - წყაროს ცნობით, ტრამპის სურვილი მოკავშირეებმა თავდაცვაზე მშპ-ს 5%-ზე გამოყონ. 

ერთ-ერთი ევროპელი დიპლომატის ცნობით, ჯერჯერობით რთული სათქმელია, თუ თავდაცვის ხარჯების რა ნიშნულზე შეჯერდებიან მხარეები, თუმცა სავარაუდოა, რომ ხარჯები მშპ-ს მინიმუმ 3.5%-მდე გაიზრდება. 

წყაროს ცნობით, ამ საკითხზე ევროპელმა ლიდერებმა კონსულტაციები უკვე დაიწყეს. მათ შორის ამ საკითხებზე იყო საუბარი დონალდ ტრამპსა და ოლაფ შოლცს გამართულ სატელეფონო საუბარში. გარდა ამისა, შეხვედრა შედგა ბრიტანელ მაღალჩინოსნებსა და ტრამპის გუნდს შორის. 

ამავდროულად გაზეთის წყაროები ამბობენ, რომ ტრამპი კვლავ ეწინააღმდეგება უკრაინის ნატოში გაწევრიანებას და ცეცხლის მაქსიმალურად სწრაფად შეწყვეტას ესწრაფვის, თუმცა მისი აზრით, უკრიანის დახმარების გაგრძელება უზრუნველჰყოფს "მშვიდობას ძალის მეშვეობით."

18 დეკემბერს ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანთან და ევროპელ ლიდერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მხოლოდ ევროპული სახელმწიფოების დახმარება არ იქნება საკმარისი. 

 

მსგავსი სიახლეები