FT: უკრაინელი სამხედროები Starlink-ის მასიურ გათიშვაზე იუწყებიან
უკრაინელი სამხედროები ამბობენ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში დაიწყო ილონ მასკის კუთვნილი Starlink-ის სანავიგაციო და საკომუნაკაციო სისტემის მასიური გათიშვა. მათ შორის ფრონტის წინა ხაზზეც, რამაც უკრაინის იერიშს ხელი შეუშალა.
ინფორმაციას ამის შესახებ Financial Times ავრცელებს.
Starlink ილონ მასკის მიერ დაფუძნებული და კუთვნილი კოსმოსური კომპანიის ინტერნეტ ნავიგატორია, რომლის ათეულობით ტერმინალი კომპანიამ უკრაინას უსასყიდლოდ გადასცა, რათა უკრაინულ არმიას უკეთესი კომუნიკაციის არხი ჰქონოდათ, რომელიც მათი დრონების ოპერირებისა და კრიტიკული მნიშვნელობის სადაზვერვო ინცორმაციის გაცვლისთვის გამოიყენება.
მოგვიანებით იმავე კომპანიის ტერმინალები უკრაინას აშშ-მაც გადასცა. Starlink-ის გავლით მიღებული ინტერნეტ-სიგნალი ხელმისაწვდომია უკრაინის მოქალაქეებისთვისაც.
"გათიშვებმა გასულ კვირებში ფრონტის ზოგ მონაკვეთზე კომუნიკაციის კატასტროფული ჩამოშლა გამოიწვია",- ამბობს გადაცემასთან საუბარში უკრაინის ერთ-ერთი სამხედრო მაღალჩინოსანი.
ზოგ შემთხვევაში ინტერნეტ-ტერმინალები იმ დროს გაითაშა, როდესაც უკრაინელ სამხედროებს უკვე გადაკვეთილი ჰქონდათ ფრონტის ხაზი და ახლო ბრძოლებს აწარმოებდნენ.
კიევის წარმომადგენლების თქმით, გათიშვები გახშირდა უკრაინის სხვა ტერიტორიებზეც, თუმცა ყველაზე ხშირად ტერმინალები იმ მომენტში წყვეტდნენ მუშაობას, როდესაც უკრიანელი სამხედროები რუსეთისგან ოკუპირებულ ტერიტორიებს ათავისუფლებდნენ.
რამდენიმე დღის წინ Starlink-ის მფლობელმა ილონ მასკმა უკრაინის კონფლიქტის გადაწყვეტის საკუთარი ხედვა წარმოადგინა, რამაც უკრაინელი და დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა გამოიწვია.
მიუხედავად ამისა, უკრაინელი წყაროები ამბობენ, რომ გათიშვები შესაძლოა იმით იყოს გამოწვეული, რომ რუსების მხრიდან კომუნიკაციის წყაროს სხვა მიზნით გამოყენება აღკვეთონ.
ილონ მასკმა გაზეთთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა მასალის გამოქვეყნების შემდეგ სტატიის ბმული ტვიტერზე გააზიარა და Financial Timeს ცუდი ხარისხის ჟურნალისტიკაში ამხილა.
მასკის თქმით, სტატია შეიცავს ცრუ ცნობებს, რომ Starlink-ის ტერმინალებში რომელიმე მხარემ ფული გადაიხადა, მისი თქმით, ეს მხოლოდ მცირე რაოდენობის ტერმინალს ეხება.
მილიარდერის თქმით, უკრაინისთვის კომუნიკაციის სისტემების გადაცემა მას უკვე 80 მილიონი დოლარი უჯდება, ხოლო წლის ბოლოს ხარჯი 100 მილიონ დოლარს გადააჭარბებს.
"რაც შეეხება თუ რა ხდება ბრძოლის ველზე ეს გასაიდუმლოებულია",- წერს მასკი.
თავის მხრივ საკითხის კომენტირებისგან თავი შეიკავა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა და არმიის მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმაც.
კომუნიკაციის სისტემის გათიშვის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ დასავლური დაზვერვების წარმომადგენლებიც, თუმცა საკითხზე საუბრისგან ისინიც თავს იკავებენ.