გაერო: თალიბანმა ათეულობით ავღანელი თანამდებობის პირი მოკლა
გასული წლის აგვისტოში ავღანეთის ხელისუფლებაში თალიბანის მოსვლის შემდეგ ასამდე ყოფილი თანამდებობის პირი მოკლეს, წერია გაეროს მიერ მომზადებულ ანგარიშში.
გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის განცხადებით, მკვლელობების უმეტესობა თალიბანის და მასთან დაახლოებული დაჯგუფებების წევრების ჩადენილია.
„თალიბანის მიერ საყოველთაო ამნისტიის გამოცხადების მიუხედავად, ავღანეთის მთავრობის ყოფილი წევრები, უშიშროების ძალების და საერთაშორისო სამხედრო მისიის მოსამსახურეები მკვლელობის მუქარებს იღებდნენ“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
გაეროს მისიის თანახმად, კიდევ 50 პირის მკვლელობა ისლამური სახელმწიფო ხორასნის პროვინციას უკავშირდება.
ტერორისტული ორგანიზაცია თალიბანმა ავღანეთში ძალაუფლების სადავეები ხელში შარშან ჩაიგდო, მას შემდეგ, რაც ქვეყნის დატოვება საერთაშორისო სამხედრო მისიამ დაიწყო.
დაპირების მიუხედავად, თალიბანი ქალების და ბავშვების უფლებების შევიწროებას აგრძელებს და სამოქალაქო ხელისუფლების ყოფილი წევრების დევნითაა დაკავებული.
უფლებადამცველებს, ჟურნალისტებს და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს „დაშინების, მუქარის და ძალადობის ატმოსფეროში“ უწევთ მუშაობა, აცხადებს გუტიერეში.
გაეროს ვარაუდით, 2022 წელს „არასაკმარისად კვების“ საფრთხის ქვეშ 23 მილიონამდე ავღანელი აღმოჩნდება.