გაერო: მსოფლიოში 735 მილიონი ადამიანი შიმშილობს

შვიდი წლის განმავლობაში პირველად, მსოფლიოში წლიდან წლამდე მშიერი ადამიანების რიცხვი არ გაზრდილა. მიუხედავად ამისა, აფრიკის, დასავლეთ აზიისა და კარიბის ზღვის ზოგიერთ რეგიონში ვითარება გაუარესდა.

ეს ინფორმაცია გაეროს ანგარიშში, "სასურსათო უსაფრთხოებისა და კვების დონე მსოფლიოში" გამოქვეყნდა.

ამ დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს მსოფლიოში მშიერი ადამიანების რაოდენობა დაახლოებით 735 მილიონი ადამიანი იყო, რაც 3.8 მილიონით ნაკლებია, ვიდრე ერთი წლით ადრე. თუმცა, გაეროს ექსპერტები აცხადებენ, რომ "არ არსებობს თვითკმაყოფილების მიზეზი," რადგან შიმშილის პრობლემა აფრიკაში, დასავლეთ აზიასა და კარიბის ზღვის აუზში მწვავდება.

ექსპერტებმა გამოთვალეს, რომ 2.4 მილიარდ ადამიანს (მსოფლიოს მოსახლეობის 29.6%-ს) 2022 წელს საკვებზე სტაბილური წვდომა არ ჰქონდა. მათი თქმით, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, 2030 წლისთვის პლანეტაზე შიმშილის აღმოფხვრის მიზანი მიუღწეველი იქნება. ნეგატიური შედეგის მიზეზად გაერო კორონავირუსის პანდემიას, პერიოდულ სტიქიურ უბედურებებს, ასევე შეიარაღებულ კონფლიქტებს მიიჩნევს.

ანგარიშის მიხედვით, ყველაზე ცუდი მდგომარეობა აფრიკაშია, სადაც ყოველი მეხუთე ადამიანი შიმშილობს. ეს ორჯერ აღემატება საშუალო გლობალურ მაჩვენებელს.  

ამავდროულად, 2022 წელს მსოფლიოში 148 მილიონ 5 წლამდე ბავშვს ჰქონდა განვითარების შეფერხება არასრულფასოვანი კვების გამო, ხოლო 37 მილიონი ბავშვი ჭარბწონიანი იყო.

მსგავსი სიახლეები