კვიპროსში გაეროს სამშვიდობო ძალებს თავს დაესხნენ
კვიპროსის ბერძნულ და არაღიარებულ თურქულ ნაწილებს შორის ბუფერულ ზონაში, კვიპროსელი თურქები გზის მშენებლობის შესახებ დავის გამო, გაეროს სამშვიდობოების ჯგუფს დაესხნენ თავს.
ინციდენტი პარასკევს, ჩრდილოეთ კვიპროსის სოფელ არსოსიდან შერეულ თურქულ-ბერძნულ სოფელ პილასკენ მიმავალ გზაზე, სამშენებლო სამუშაოების დროს მოხდა, რომელიც ე.წ. მწვანე ხაზზე, ბუფერულ ზონაში მდებარეობს და რომელსაც გაეროს ძალები აკონტროლებენ.
კვიპროსელ თურქებს გზა საშუალებას მისცემდა პილაში ბრიტანული სამხედრო ბაზის საგუშაგოს გვერდის ავლით ჩასულიყვნენ. კვიპროსელები კი მშენებლობას აღიქვამენ, როგორც სამხედრო მიზნის მქონე ნაბიჯს, რომლის უკანაც თურქეთი დგას.
შეტაკების დროს ათობით თურქი კვიპროსელი დაესხა თავს გაეროს რამდენიმე სლოვაკ და ბრიტანელ ჯარისკაცს. ზოგიერთ მათგანს სახეში მოხვდა, სამს მცირე დაზიანებების გამო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
კვიპროსში გაეროს სამშვიდობო ძალების წარმომადგენელმა, ალიმ სიდიკმა AP-ს განუცხადა, რომ ისინი გააგრძელებენ გზის მშენებლობის არაძალადობრივი მეთოდებით ბლოკირებას, რადგან ეს ბუფერულ ზონაში სტატუს კვოს არღვევს.
თავდასხმა აგრეთვე დაგმეს ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ჟოზეპ ბორელმა და საფრანგეთის, ბრიტანეთისა და აშშ-ის მისიებმა ნიქოზიაში. კვიპროსის მთავრობამ "ორგანიზებული ძალადობა" დაგმო და აღნიშნა, რომ კონტაქტშია გაეროსთან, ევროკავშირთან და სხვა მთავრობებთან, რათა თავიდან აიცილოს "თურქული გეგმები."
ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის ხელისუფლებამ, თავის მხრივ, ინციდენტში გაეროს სამშვიდობო ძალები დაადანაშაულა, მათ ქმედებებს "მიუღებელი" და ბრალდებებს "უსაფუძვლო" უწოდა.
ეს ბოლო წლების განმავლობაში გაეროს სამშვიდობოების წინააღმდეგ ძალადობის პირველი შემთხვევა იყო.