გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრი ბაშარ ასადს შეხვდა

 

სამშაბათს სირიის დედაქალაქ დამასკოს არაბეთის გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრი შეიხ აბდულა ბინ ზაიდ ალ ნაჰაიანი ეწვია.

ნაჰაიანი სირიის დიქტატორ ბაშარ ალ-ასადს შეხვდა, წერს სირიის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო SANA.

საამიროელი მინისტრის ვიზიტი პირველია 2011 წელს სირიის სამოქალაქო ომის შემდეგ.

ასევე, გასულ კვირას სატელეფონო საუბარი შედგა საამიროების მემკვიდრე პრინც მუჰამად ბინ ზაიდსა და ბაშარ ასადს შორის.

ნაჰაიანის ასადთან შეხვედრა ყურის ქვეყნების მიერ სირიელ დიქტატორთან ურთიერთობების ნორმალიზაციის სურვილზე მიანიშნებს.

აშშ-მ, რომელიც რეგიონში საამიროების მოკავშირედ ითვლება, ნაჰაიანის სირიული ტურნე და ასადის რეჟიმთან დიალოგის განახლების მცდელობა გააკრიტიკა.

„ასადის რეჟიმთან დიპლომატიური ურთიერთობების განახლებას მხარს ვერ დავუჭერთ იმ სისასტიკის შემდეგ, რაც მან საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამოიჩინა“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა.

 


2011 წელს სირია არაბული ლიგიდან გარიცხეს, რომელშიც 22 არაბულენოვანი სახელმწიფოა გაერთიანებული.

მას შემდეგ არაბული ქვეყნები ასადთან ურთიერთობას თავს არიდებდნენ, სირიის რეჟიმის მთავარ მოკავშირეებად კი ირანი და რუსეთი იქცნენ.

მსგავსი სიახლეები