განადგურებულია რუსების ლოჯისტიკური კვანძი, კურსკის ოპერაცია, დღე 11 - მთავარი
კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშის მეთერთმეტე დღე მიმდინარეობს. უკანასკნელ 24 საათში გაგრძელდა ЗСУ-ს წინსვლა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, თუმცა ძირითადი აქცენტი საოკუპაციო არმიის ლოჯისტიკის განადგურებაზე კეთდებოდა.
უკრაინული არმია შეტევებს ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ავითარებს, მათ შორის განსაკუთრებით გლუშკოვოს რაიონში - წარმატების შემთხვევაში საომარი მოქმედებების არეალი შესაძლოა გაორმაგდეს.
გიყვებით უკრაინული იერიშის მეთერთმეტე დღის მთავარ ამბებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ოლექსანდრ სირსკის თქმით, გასულ 24 საათში უკრაინული დანაყოფების წინ წაიწიეს 1-3 კილომეტრამდე.
რუსული წყაროების ცნობით, აღნიშნული წინსვლა ძირითადად ქალაქ სუჯის სამხრეთ რაიონებზე მოდის, სადაც უკრაინელმა მებრძოლებმა 4 სოფლის: ულანოკის, ბორკისა, სპალნოესა და ნიჟნიმახოვოს დაკავება შეძლეს. რთული სათქმელია თუ კონკრეტულად როდის შეძლეს უკრაინელებმა აღნიშნული დასახლებული პუნქტების დაკავება, უკრაინის მხრიდან შედარებით საინფორმაციო პოლიტიკის ფონზე, ეს შესაძლოა უფრო ადრეც მომხდარიყო.
"აქ მოწინააღმდეგეს საკმაოდ არსებითი ოპერატიული წარმატება აქვს, ამ დროისთვის მათი წინსვლა შეჩერებულია, მიუხედავად ამისა, აღნიშნული მიმართულება ჩემს განგაშს იწვევს, განსაკუთრებით თუ მხედველობაში ჩვენი დაზვერვის მონაცემებს მივიღებთ. ვშიშობ მოწინააღმდეგე მორიგ სურპრიზს არ გვიმზადებდეს"- წერს Z-ბლოგერი, იური პოდოლიაკა.
ღია წყაროების მიხედვით, ფრონტის გარღვევა კვლავ არ ყოფილა კორონევოს მიმართულებაზე, რომელიც უკრაინული არმიის დარტყმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.
სავარაუდოა, რომ აქ უკრაინული არმია ჯარების გადაჯგუფების პროცესშია - ჯერჯერობით გაურკვეველია რა ვითარებაა, ლგოვი-რილსკის მაგისტრალზე. აქ გასულ დღეებში უკრაინელთა მოწინავე რაზმების აქტივობაზე წერდნენ, თუმცა აღნიშნული ცნობები ამ დროისთვის არ არის დადასტურებული.
ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები გასული 24 საათის განმავლობაში კორონევოს მეზობელ გლუშკოვოს რაიონში განვითარდა. აქ რამდენიმე მცდელობის შემდეგ, უკრაინელებმა შეძლეს მდინარე სეიმზე გადებული ხიდის განადგურება.
განადგურებული ხიდი აღნიშნულ რაიონში მოქმედი 3 ხიდიდან ერთ-ერთია, თუმცა უპირობოდ ყველაზე მნიშვნელოვანია. ამასთანავე, საყურადღებოა, რომ განადგურებული ხიდი, უკრაინელთა პოზიციებისგან ყველაზე მეტად იყო დაშორებული. სამხედრო ანალიტიკოსებისა და Z-ბლოგერების ცნობით, აღნიშნული ხიდი გლუშკოვოს რაიონში რუსული დანაყოფების მომარაგების ყველაზე მნიშვნელოვან არტერიას წარმოადგენდა.
თავდაპირველად იწერებოდა, რომ ხიდი HIMARS-ის ტიპის სისტემებიდან დარტყმის შედეგად განადგურდა, თუმცა მოგვიანებით, უკრაინის საჰაერო ძალებში განაცხადეს, რომ ხიდი საავიაციო დარტყმის შედეგად განადგურდა.
წყაროების შეფასებით, ამ დროისთვის ალყაში აღმოჩენის წინაშე გლუშკოვოში ჩარჩენილია რუსების 2 ბატალიონი (700 ჯარისკაცი). დარჩენილი 2 ხიდის მასშტაბი და მდებარეობა რუსული წყარობის ცნობით, არ იძლევა ჯარების შეუფერხებლად მომარაგების საშუალებას, მით უფრო, რომ Z-ბლოგერების ცნობით, უკრაინელებმა უკვე დაამყარეს საცეცხლე კონტროლი ხიდზე. დარჩენილი 2 ხიდის განადგურების შემთხვევაში გლუშკოვოში მომარაგების გარეშე შესაძლოა ჯამურად 2 500 რუსი ჯარისკაცი აღმოჩნდეს.
"ხიდის განადგურების შემდეგ, უკრაინის შეირაღებული ძალებმა დაიწყეს მოძრაობა დასახლებული პუნქტის მიმართ, რკინიგზის გასწვრივ, მათ უკვე გაიარეს 1.5 კილომეტრი"- წერს Z-ბლოგერი, კირილ რომანოვი.
საყურადღებოა, რომ ხიდის აფეთქებას წინ უძღოდა უკრაინელთა მიერ სოფლების: ვნეზაპნოესა და სნაგოსტის დაკავება.
"ეს ჯერჯერობით პრელუდიაა. ვფიქრობ მოწინააღმდეგე მალე მთელი ძალებით მოგვაწვება. მისი შეჩერება ძალიან რთული იქნება"- წერს Z-ბლოგერი იური პოდოლიაკა.
პარალელურად გრძელდება უკრაინული დანაყოფების მცდელობა გააფართოვონ საომარი მოქმედებების ზონა მეზობელ ბელგოროდის ოლქში. აქ Washington Post-ის ინფორმაციით, მოწინავე უკრაინულმა სადაზვერვო-დივერსიულმა დანაყოფებმა 10 კილომეტრის სიღრმეში შესვლა შეძლეს, თუმცა პროცესში მძიმე დანაკარგები განიცადეს. ამ დროისთვის უცნობია, ინარჩუნებს თუ არა უკრაინული არმია კონტროლს დაკავებულ პოზიციებზე. ბრძოლები გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე თითქმის 3 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ რაიონში მიმდინარე ბრძოლებზე მიუთითებს ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილება 5 დასახლებული პუნქტის ჩაკეტვის შესახებ.
წინსვლის ფონზე იზრდება უკრაინული არმიის დანაკარგებიც - გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დნიპროს სამხედრო აეროდრომზე განადგურებულია უკრაინული CУ-24. გარდა ამისა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კურსკის საზღვართან PATRIOT-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის 2 გამშვები დანადგარი გაანადგურა.
დღის მიწურულს Z-ბლოგერებმა მოკლული უკრაინელი ჯარისკაცის სარზე წამოცმული თავის ვიდეო-კადრები გაავრცელეს. უკრაინული წყაროების ცნობით, უკვე იდენტიფიცირებული დანაყოფი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა - საუბარია რუსეთის 155-ე საზღვაო-ქვეით ბრიგადაზე.
The Economist წერს, რომ კურსკის ოპერაციაში შეწყალებული პატიმრების დანაყოფიც მონაიწლეობს.
უკრაინული იერიშის ფონზე, რუსეთში ხელისუფლებით უკმაყოფილების დონემ 2023 წლის ივნისში, ევგენი პრიგოჟინის ამბოხის შემდეგ მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია. ფონდ "საზოგადოებრივი აზრის" კვლევის მიხედვით მოსახლეობის 25% უკმაყოფილოა ხელისლფების მოქმედებებით.