"გაუგებარი მიზანი",- ამერიკელმა გენერალმა ბაიდენის გუნდის 2 შეცდომა დაასახელა
ბაიდენმა არ დაასახალა მკაფიოდ რა არის ამერიკის შეერთებული შტატების მიზანი უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით, რაც ამცირებს ამ ძალისხმევის საზოგადოებრივ მხარდაჭერას.
ამის შესახებ ევროპაში ნატოს ჯარების ყოფილმა სარდალმა, ბენ ჰოჯესმა პოლონური Rzeczpospolita-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ჰოჯესის თქმით, მიმდინარე ომის ფონზე ბაიდენის ადმინისტრაციის მთავარი წარმატება 50 ქვეყნისგან შემდგარი საერთაშორისო კოალიციის ორგანიზება იყო, რაც რუსეთის ხელისუფლებისთვის მოულოდნელი იყო.
თუმცა ჰოჯესის თქმით, ბაიდენის მიდგომა უნაკლო არ ყოფილა - ვაშინგტონმა მკაფიოდ არ გააჟღერა რა არის ამერიკის საბოლოო მიზანი კონფლიქტში.
"ვფიქრობ პრეზიდენტ ბაიდენს, რომ ეთქვა, რომ ჩვენი მიზანი ომში უკრაინის გამარჯვებაა, ამერიკელები უფრო მეტად დაუჭერდნენ მხარს კიევს",- ამბობს ჰოჯესი. ამერიკელი გენერლის თქმით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა 1991 წლის საზღვრებში ვაშინგტონის მიზანიც უნდა გახდეს.
ჰოჯესის თქმით, მეორე შეცდომა პირველით არის განპირობებული - მკაფიო საბოლოო მიზნის გარეშე პარტნიორებს უჭირთ თანმიმდევრული პოლიტიკის წარმოება.
"ჩვენ უკრაინელებს ვაძლევთ Javelin-ებს, ტანკებს, ATACMS-ებს, კიდევ რაღაცას, მაგრამ ამ ნაბიჯების უკან ხშირად გააზრებული გეგმა არ დგას".
ჰოჯესის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია ზედმეტად ფრთხილობს კონფლიქტის შესაძლო ესკალაციის საკითზე. ამერიკელი გენერლის აზრით, ამგვარი მიდგომა მათ შორის იმითაც არის განპირობებული, რომ ამჟამინდელი ადმინისტრაციის არაერთი მაღალჩინოსანი გასულ წლებში ობამას ადმინისტრაციაში მუშაობდა.