გაზპრომის შიდა ანალიზის მიხედვით "უმძიმეს მდგომარეობაშია"
რუსული სახელმწიფო გიგანტი 2020 წლის საექპორტო შემოსავლის მოცულობას მხოლოდ 2030 წლისთვის აღიდგენს.
ამის შესახებ გაზპრომის ხელმძღვანელობისთვის კომპანიის თანამშრომლების მიერ მომზადებულ ფინანსური ანალიზის დოკუმენტშია საუბარი. ინფორმაციას ამის შესახებ რედაქციის განკარგულებაში აღმოჩენილი დოკუმენტის მიხედვით Financial Times ავრცელებს.
ანალიზის მიხედვით, მომდევნო წლებში მოსალოდნელია გლობალურ ბაზარზე კომპანიის წილის კლება - მიზეზად კი ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციები, ევროპული ბაზრის დაკარგვა და გაზსადენის მილებზე წვდომის შეზღუდვაა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გაზპრომს არ აქვს საკმარისი ტექნოლოგიური რესურსი თხევადი გაზის დიდი მოცულოებების საწარმოებლად. ამ ბაზრის ლიდერი რუსეთში პუტინის ძველი მეგობრის, გენადი ტიმჩენკოს კუთვნილი ნოვატეკია. მიმდინარე ტენდენციების გაგრძელების შემთხვევაში 2035 წლისთვის რუსული გაზის ჯამური ექსპორტის წილში ტიმჩენკოს კომპანიის წილი 35%-მდე გაიზრდება.
დოკუმენტის ავტორების ცნობით, კომპანია გამოწვევების წინაშე დგას შიდა ბაზარზეც - პოზიციების შესანარჩუნებლად კომპანიამ უნდა შეინარჩუნოს მონოპოლია გაზის სატრანზიტო სისტემაზე და დიდი სუბსიდიები სახელმწიფოსგან.