"გეგმები უცვლელია"- მთავარი აქცენტები გაბრაზებული პუტინის პრესკონფერენციიდან
ვლადიმირ პუტინის პირველი პრესკონფერენცია ბოლო 2 წლის განმავლობაში 4 საათი გაგრძელდა. კრემლის მედიამ მანქანამ ტელემართონი კიდევ ერთხელ გამოიყენა ვლადიმირ პუტინის განდიდების საშუალებად - წინასწარ შეთანხმებული კითხვების ფონზე რუსეთის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გამოჩნდა როგორც შეუცვლელი ლიდერი, რომელსაც თითოეული რუსის პრობლემის მოგვარება შეუძლია.
უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, ვლადიმირ პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთის მიზნები უცვლელია და მისი ქვეყანა კვლავ ესწრაფვის უკრაინის "დენაციფიკაციასა და დემილიტარიზაციას." პუტინა მორიგ ჯერ განაცხადა, რომ კრემლისთვის მიუღებელია უკრაინის ნატოს გაწევრიანების გეგმები.
"მშვიდობა არ იქნება, სანამ დასახულ მიზნებს არ მივაღწევთ",- განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინის დახმარების ირგვლივ არსებულ კრიზისსაც გამოეხმაურა - "უკრაინა დღეს პრაქტიკულად აღარაფერს აღარ აწარმოებს, ყველაფერი დასავლეთიდან მიდის, მაგრამ უფასო საქონელი ერთ დღესაც გათავდება და როგორც ჩანს უკვე თავდება."
პუტინის თქმით, მძიმე კონტრიერიშის ფარლგებში განცდილი დანაკარგების შემდეგ უკრაინის არმია ცოცხალი ძალის სიმცირეს განიცდის და რუსეთის არმიას მზარდი უპირატესობა აქვს.
"მტერმა დიდი კონტრიერიში დაანონსდა, მათი იერიში ყველა მიმართულებით წარუმატებელი იყო. მე არ ვიცი რატომ აკეთებენ ამას, ისინი უბრალოდ სასაკლაოზე გზავნიან ჯარისკაცებს",- თქვა პუტინმა.
ვლადიმირ პუტინმა ევროკავშირთან ურთიერთობების ნორმალიზაციის პერსპექტივაზე ისაუბრა და თქვა, რომ ასეთი რამ შესაძლებელია თუ კი ევროკავშირის ქვეყნები უკრაინის დახმარებას შეწყვეტენ. ამასთანავე რუსეთის პრეზიდენტმა ევროკავშირის ლიდერები მარშალ პეტენს შეადარა - პირველი მსოფლიო ომის გმირს და შემდეგში ნაცისტებთან კოლაბარიციისთვის სიკვდილით დასჯილ ფრანგ პოლიტიკოსს.
რაღაც ეტაპზე ვლადიმირ პუტინმა შეკითხვა მიიღო მისივე ჰოლოგრამისგან - ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულმა გამოსახულებამ პუტინს კითხვა ორეულების შესახებ დაუსვა. პუტინმა პასუხი იყო, რომ ერთადერთი ადამიანი, რომელიც მისი მსგავსი იქნებოდა და მისი ხმით ილაპარაკებდა მხოლოდ თვითონაა.
პუტინისთვის დასმული ზოგი კითხვა რუსეთის არმიასა და სოციალურ სფეროში არსებულ პრობლემებს შეეხებოდა, იყო კითხვები მაღალ ინფლაციაზეც. გარდა ამისა პერიუდულად დიდ ეკრანებზე ამოდიოდა სმს-ით გაგზავნილი კითხვებიც.
პუტინი კიდევ ერთხელ შეეცადა მოსახლეობის დარწმუნებას, რომ მობილიზაციის მეორე ტალღა არ იქნება, თუმცა ამ დრომდე უარს ამბობს შესაბამისი ბრძანების მოქმედის შეჩერებაზე.
ტრადიციულად პუტინის კონფერენციას არ ჩაუვლია ოდესაზე საუბრის გარეშე - "ოდესა რუსული ქალაქია, ეს ყველამ იცის, მაგრამ არა, მათ რაღაც ისტორიული ნონსენსი გამოიგონეს."
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა პუტინმა ღაზის სექტორში ისრაელის არმიის შეჭრას შეადარა და განაცხადა, რომ ღაზასთან შედარებით უკრაინაში "არაფერი მსგავსი არ ხდება."
გარდა ამისა, ვლადიმირ პუტინმა უპასუხა კითხვას რუსეთში დაპატიმრებული Wall Street Journal-ის ჟურნალისტის შესახებ - მისი თქმით, ევან გერშკოვიჩისა და პოლ უილანის გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.