გენერალი ჰოჯესი: რუსეთს უკრაინასთან ომში რეალური სტრატეგიული პრობლემა აქვს

რუსეთსა და უკრაინას შორის ომში შესაძლოა გარდამტეხი მომენტი დადგეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სასარგებლოდ. ეს მოსაზრება ევროპაში აშშ-ის ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გადამდგარმა გენერალმა ბენ ჰოჯესმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში 19 მაისს გამოთქვა.

"ასეთი ბრძოლებით, საბრძოლო მასალისა და ჯარისკაცების დანაკარგით, ვფიქრობ, რომ ზაფხულის ბოლოს (აგვისტოს ბოლოს - სექტემბრის დასაწყისში) რუსული ძალები შემცირდება და უკრაინას ექნება საკმარისი პოტენციალი კონტრშეტევის დასაწყებად. რუსული ძალების უკუგდება 23 თებერვლამდე არსებულ ხაზთან, ვფიქრობ სექტემბრამდე მოხდება", - განაცხადა მან.

ამერიკელი გენერლის თქმით, რუსული ჯარები უკრაინაში "გამანადგურებელ ომზე გადავიდნენ" და ეს, მისი აზრით, "რუსეთისთვის ცუდი არჩევანია, რადგან მათი ლოჯისტიკური მდგომარეობა არ უმჯობესდება".

"რუსების მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, ადამიანური ძალა იკლებს, ცდილობენ მობილიზაცია აირიდონ. ამასთან, უკრაინაში ლოჯისტიკური მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება – უფრო და უფრო მეტი დახმარება მოდის დასავლეთიდან, უკრაინამ კი საგრძნობლად გააუმჯობესა ლოჯისტიკური ქსელი. უკრაინას ჯარების რაოდენობასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს, ამიტომ მიმაჩნია, რომ რუსეთს რეალური სტრატეგიული პრობლემა აქვს", - განმარტა ჰოჯესმა.

მსგავსი სიახლეები