გერმანელი სოციალ-დემოკრატების კანცლერობის კანდიდატი ოლაფ შოლცი იქნება
ოლაფ შოლცი 2025 წლის დასაწყისში დაგეგმილ ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებზე გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) კანცლერობის კანდიდატი გახდება.
ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ლარს კლინგბეილმა 21 ნოემბერს, ბერლინში განაცხადა.
"ოლაფ შოლცთან ერთად გვინდა შევიდეთ მომავალ საარჩევნო ბრძოლაში." - თქვა მან.
21 ნოემბერს, ოლაფ შოლცის თანაპარტიელმა, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ის არ გეგმავს იყოს კანცლერობის კანდიდატი. მისი მიმართვა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის გვერდზე სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნდა.
პისტორიუსმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება თავად მიიღო. 2025 წლის არჩევნებზე მან მხარი დაუჭირა გერმანიის ამჟამინდელ კანცლერ ოლაფ შოლცს.
"ოლაფ შოლცი არის ძლიერი კანცლერი და ის არის კანცლერობის სწორი კანდიდატი," - განმარტა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა. "ის მიმართავს გონიერებასა და წინდახედულობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთ კრიზისულ დროში."
6 ნოემბერს, ოლაფ შოლცმა გერმანიის ფინანსთა მინისტრი, თავისუფალი დემოკრატების (FDP) თავმჯდომარე კრისტიან ლინდნერის გადააყენა. 7 ნოემბრის ღამეს FDP-ს თითქმის ყველა მინისტრმა განაცხადა, რომ ისინი ნებაყოფლობით გადადგებიან. გერმანიის მმართველი "შუქნიშნის კოალიცია," რომელიც შედგებოდა SPD, FDP და მწვანეებისგან, დაიშალა.
2025 წლის 23 თებერვალს გერმანიაში ბუნდესტაგის ვადამდელი არჩევნები ჩატარდება, რის შემდეგაც ქვეყნის ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს.
INSA-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებზე პირველ ადგილს მთავარი ოპოზიციური პარტია, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი დაიკავებს - 32%, მეორე ადგილზეა ულტრამემარჯვენე პარტია AfD - 19%, მესამეზე ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატიული პარტიაა - 16%, მას მოსდევენ მწვანეები - 11%, პრო-რუსი პოლიტიკოსის სარა ვაგენკნეხტის ალიანსი - 7.5% და თავისუფალი დემოკრატები 4.5%.