გერმანელი სოციალ-დემოკრატების ლიდერებად ესკენი და კლინგბაილი აირჩიეს
შაბათს, ბერლინში ჩატარებულ ყრილობაზე, სასკია ესკენი და ლარს კლინგბაილი გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერებად აირჩიეს.
"ჩვენ შევცვლით ამ ქვეყანას, გავაძლიერებთ და უფრო სამართლიანს გავხდით", - მიმართა ესკენმა პარტიის ასობით დელეგატს.
სოციალ-დემოკრატებში ლიდერების შეცვლა პარტიის მიერ გერმანიის ახალი მთავრობის დაკომპლექტებას მოჰყვა.
ესკენი პარტიის მოქმედი ლიდერია და მას მხარი დელეგატების 76.7%-მა დაუჭირა, კლინგბაილმა კი ხმების 86.3% მიიღო.
43 წლის ლარს კლინგბაილი 2017 წლიდან პარტიის გენერალური მდივანი იყო. 2021 წლის არჩევნებზე ის ოლაფ შოლცის საარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობდა. კლინგბაილი პარტიის ზომიერ, ცენტრისტულ ფრთას წარმოადგენს, ესკენი კი გერმანიაში მემარცხენედ ითვლება.
"მადლობა ნდობისთვის. ჩემთვის დიდი პატივია ახალი გამოწვევის მიღება. ჩვენ მოუთმელად ველით ყველაფერს, რაც მოხდება!" - წერს კლინგბაილი საკუთარ ტვიტერზე.
სოციალ-დემოკრატების გენერალური მდივანი კევინ კიუნერტი გახდა, რომელიც პარტიის ულტრამემარცხენე ფრთას წარმოადგენს. სწორედ ის ხელმძღვანელობდა 2017 წელს პარტიის შიგნით დაწეყებულ კამპანიას ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატებთან დიდი კოალიციის შექმნის წინააღმდეგ. კიუნერტს დელეგატების 77.8%-მა დაუჭირა მხარი.