გერმანია: ბერლინის განმეორებით არჩევნებში ქრისტიან-დემოკრატები ლიდერობენ
დღეს, 12 თებერვალს, ბერლინში განმეორებითი ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა. წინასწარი გამოკითხვებით, პირველ ადგილზე ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი გადის.
გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის (ARD) ეგზიტპოლით, ქრისტიან-დემოკრატები ხმების 27.5%-ს იღებენ, რაც წინა არჩევნებთან შედარებით 9.5%-ით მეტია.
2021 წლიდან ბერლინს მემარცხენე კოალიცია მართავს, რომელიც სოციალ-დემოკრატებისგან, მწვანეთა პარტიისგან და აღმოსავლეთ გერმანიის კომპარტიის პირდაპირი მემკვიდრისგან, მემარცხენე პარტიისგან შედგება.
დღევანდელ არჩევნებზე სამივე პარტიამ დაკარგა მხარდაჭერა. ARD-ს თანახმად, მწვანეები და სოციალ დემოკრატები 18.4%-ს აიღებენ (წინა არჩევნებთან შედარებით 0.5%-ით და 3%-ით ნაკლები). მემარცხენე პარტია 1.5%-ს კარგავს და ჯამში 12.6%-ს იღებს.
არითმეტიკულად, სამ მემარცხენე პარტიას კოალიციის შეკვრა კიდევ შეუძლია, თუმცა მხარდაჭერის კლების ფონზე ეს ამოცანა პოლიტიკურად გართულდება.
ქრისტიან-დემოკრატებთან ერთად, მხარდაჭერა გაეზარდა მემარჯვენე-ნაციონალისტურ პარტიას ალტერნატივა გერმანიისთვის. წინასწარი მონაცემებით, ისინი ხმების 9.1%-ს იღებენ (1.1%-ით მეტი).
რთულ მდგომარეობაში აღმოჩდნენ ლიბერალი თავისუფალი დემოკრატები - ARD-ს თანახმად, ისინი ხმების 4.5%-ს იღებენ, რაც ბარიერზე 0.5%-ით ნაკლებია. ლიბერალებისთვის შედარებით ოპტიმისტურია გერმანიის მეორე არხის (ZDF) პროგნოზი, რომლის მიხედვითაც ხმების 5%-ს იღებენ.
ბერლინში განმეორებითი ვადამდელი არჩევნების ჩატარება იმიტომ გახდა საჭირო, რომ 2021 წლის 26 სექტემბერს ჩატარებული არჩევნები ადმინისტრაციული ხარვეზების ფონზე წარიმართა.
ბიულეტენების ნაკლებობის, გრძელი რიგებისა და არასწორი ბიულეტენების დარიგების გამო, ბერლინის საკონსტიტუციო სასამართლომ 2021 წლის არჩევნების შედეგები ბათილად სცნო და ხელახალი არჩევნების ჩატარება ბრძანა.