გერმანია და კატარი ენერგეტიკულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ

გერმანიამ და კატარმა 20 მაისს ხელი მოაწერეს შეთანხმებას ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ, რადგან ბერლინი რუსული გაზზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

პარტნიორობის შეთანხმებას ბერლინში ხელი კატარის ენერგეტიკის მინისტრმა საად შერიდა ალ-ქააბმა და გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა მოაწერეს.

შეთანხმება ითვალისწინებს რეგულარულ შეხვედრებს ორივე ქვეყნის ხელისუფლებას შორის და სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც თხევადი ბუნებრივი აირისა და წყალბადის სფეროში სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე, ასევე განახლებადი ენერგიის წყაროებზე იმუშავებს.

მოგვიანებით გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა კატარის ემირთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კატარი, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი, ცენტრალურ როლს შეასრულებს გერმანიის რუსული იმპორტისგან დივერსიფიკაციაში.

Reuters-ის წყაროების თანახმად, შეთანხმება ჯერ არ ნიშნავს თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებაზე გრძელვადიანი გარიგებების გაფორმებას. მოლაპარაკებებში სირთულეს წარმოადგენს ბერლინის სურვილი არ დაეთანხოს კატარის პირობებს, რომ ხელმოწერილი შეთანხმებები მინიმუმ 20 წლის განმავლობაში იყოს მოქმედი.

გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შემდეგ გერმანიის დამოკიდებულება რუსულ გაზზე 55%-დან 35%-მდე შემცირდა.

მსგავსი სიახლეები