გერმანია გამორიცხავს უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემას
გერმანია არ აპირებს უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემას და პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზით შეეცდება. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა.
"უკვე დიდი ხნის განმავლობაში არსებობს ფედერალური მთავრობის პოზიცია - ჩვენ არ ვაგზავნით შეიარაღებას კრიზისულ რეგიონებში, ამის მიზეზი კი ის არის, რომ არ გვსურს ადგილზე ვითარება კიდევ უფრო დაიძაბოს",- ამბობს ლამბრეხტი.
გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზა დიპლომატიაზე გადის და სწორედ ამ მეთოდებით ვითარების დეესკალაცია წარმოადგენს გერმანიის მთავარ მიზანს შექმნილ ვითარებაში.
გერმანიის პოზიციის შესახებ თავდაპირველად ცნობილი ჯერ კიდევ იანვარში გახდა, მაშინ უკრაინისთვის იარაღის გადაცემას გერმანიასთან ერთად ნიდერლანდების ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა მოგვიანებით ნიდერლანდების მთავრობამ პოზიცია შეიცვალა და განაცხადეს, რომ ისინი ღია არიან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის საკითხში.
ამგვარი პოზიციის გამო გერმანია ევროკავშირისა და ნატოს წევრი პარტნიორი ქვეყნებისგან კრიტიკის ობიექტიც გახდა, თუმცა გერმანიის მთავრობის პოზიცია უცვლელია.
შეიარაღების არ გადაცემის შესახებ პოზიცია ვაშინგტონში ვიზიტამდე კიდევ ერთხელ დაადასტურა ფედერალურმა კანცლერმა, ოლაფ შოლცმაც. მანამდე იგივე პოზიციები დააფიქსირა საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა.
გარდა იმისა, რომ გერმანია თავად არ გადასცემს უკრაინას შეიარაღებას, მათ ამის საშუალება არ მისცეს ესტონეთსაც, სადაც უკრაინისთვის გერმანული წარმოების ჰაუბიცების გადაცემას გეგმავდნენ.