გერმანიამ კატართან თხევადი გაზის შესყიდვაზე შეთანხმებას მიაღწია
გერმანიამ კატართან თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვის შესახებ გრძელვადიან შეთანხმებას მიაღწია, აცხადებს ბერლინი.
20 მარტს გერმანიის ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი დოჰას ეწვია, სადაც კატარის ამირა თამიმ ბინ ჰამად ას-სანისთან ენერგეტიკის სფეროში პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებები გამართა.
გერმანული მხარე შესყიდული გაზის მოცულობის და ფასის შესახებ დეტალებს არ ასაჯაროებს.
თუმცა, ჰაბეკის განცხადებით, გაზით მომარაგების დივერსიფიცირება გერმანიის რუსულ გაზზე დამოკიდებულებას მნიშვნელოვნად შეამცირებს.
„რუსული ბუნებრივი აირი შესაძლოა წელს ისევ დაგვჭირდეს, მაგრამ მომავალში ეს შეიცვლება“, - ამბობს ჰაბეკი.
კატარი გერმანიის მთავრობის მიერ თხევადი გაზის ტერმინალების მშენებლობას მიესალმა.
მსგავსი მისიით ჰაბეკი სპარსეთის ყურის კიდევ ერთ ქვეყანაში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ჩავა.
მანამდე გერმანიის ეკონომიკის მინისტრი ენერგომატარებლების ორ მსხვილ დასავლურ ექსპორტიორს, ნორვეგიას და აშშ-ს ეწვია.
რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებისთვის გერმანიის კოალიციურმა მთავრობამ ბირთვული ენერგიის გამოყენება გამორიცხა და იმედს სწორედ თხევად ბუნებრივ აირზე ამყარებს.
რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ბერლინმა საბოლოოდ თქვა უარი Nord Stream 2 გაზსადენის ამუშავებაზე, რომელიც რუსეთს გერმანიისთვის გაზის პირდაპირი გზით მიწოდების საშუალებას მისცემდა.