გერმანია ლიეტუვაში დამატებითი სამხედრო ძალების გაგზავნას განიხილავს
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ქრისტინ ლამბრეხტი აცხადებს, რომ ხელისუფლება ლიეტუვაში დამატებითი შეიარაღებული ძალების განთავსებას განიხილავს.
აღმოსავლეთ ფლანგზე სამხედრო პოზიციის გასაძლიერებლად ნატოს ოთხ მოკავშირე ქვეყანაში - პოლონეთში, ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში - საბრძოლო კონტინგენტებია (Battlegroups) განთავსებული.
გერმანია ლიეტუვაში განთავსებული 1200-კაციანი კონტინგენტის შემადგენლობის ნახევარს აკომპლექტებს.
უკრაინის გარშემო მასშტაბური რუსული სამხედრო მობილიზაციის ფონზე ნატოს მოკავშირე ქვეყნები გაძლიერებულ მზადყოფნაში მოდიან.
გერმანია, რომელიც უკრაინისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდებაზე უარს აცხადებს, ნატოს მოკავშირე ქვეყნების მიერ კრიტიკის ქვეშ მოექცა.
4 თებერვალს, კიევმა, გერმანიის თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროებში შეიარაღების მიწოდების მოთხოვნა გააგზავნა.
მოთხოვნილ შეიარაღებას შორის ანტისარაკეტო სისტემები, ღამის ხედვის სათვალეები, ციფრული რადარები და სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანებია.
კვირას მიცემულ ინტერვიუში ლამბრეხტმა ბერლინის პოზიცია, უარი თქვას უკრაინისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდებაზე, კვლავ დაადასტურა.
„ჩვენი პოზიციაა, რომ კრიზისული რეგიონები შეიარაღებით არ მოვამარაგოთ, რათა კონფლიქტის კიდევ უფრო მეტი ესკალაცია თავიდან ავიცილოთ.“ - განაცხადა მინისტრმა.
გასულ კვირაში აშშ-მ ევროპაში სამხედრო წარმომადგენლობის გასაზრდელად 3 000 კაციანი კონტინგენტის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.
მანამდე პრეზიდენტმა ბაიდენმა თავდაცვის უწყებას 8500 სამხედროს ევროპაში გადასროლისთვის მზადყოფნაში მოყვანა უბრძანა.