გერმანია უკრაინას გეპარდებს და ანტი-საჰაერო სისტემებს გადასცემს

გერმანიან უკრაინისთვის გადასაცემად განკუთვნილი შეიარაღების სია გამოაქვეყნა. ამ ჩამონათვალში Gepard-ის ტიპის თვითმავალი საარტილერიო დანადგარები, IRIS-T SLM-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები და M113 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორებიც მოხვდა. 

ამ ტიპის შეიარაღების გადაცემაზე საუბარი დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა ეს პირველი ოფიციალური დადასტურებაა. 

გარდა ამისა, უკრაინა გერმანიისგან 10 ათას საარტილერიო და 53 ათასამდე ანტი-საჰაერო ჭურვს, ასევე 5.8 მილიონ ტყვიას, 5 ათასამდე ჩაფხუტს, რადიოკავშირის 8 მობილურ სადგურს და ამდენივე სადაზვერვო დრონს ელოდება. 

დღეს ცოტა ხნით ადრე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გერმანიისგან მიღებული Panzerhaubitzen საარტილერიო დანადგრები უკვე ფრონტის ხაზზეა და უკრაინის შეიარაღებული ძალების განკარგულებაშია. 

გარდა ამისა გერმანია უკრაინას გადასცემს დრონების საწინააღმდეგო 10 დანადგარს, 10 ჯავშანმანქანას, 80 პიკაპს, COBRA-ს ტიპის რადიოლოკაციურ დანადგარს და Mars-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიულ დანადგარებს. 

გერმანიის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე შეიარაღების გადაცემის გრაფიკი საიდუმლოდ დარჩება. 

გასულ კვირებში ოლაფ შოლცი რამდენჯერმე გახდა კრიტიკის ობიექტი როგორც უკრაინის ოფიციალური პირების, ასევე დასავლელი მოკავშირეების მხირდან შეიარაღების გადაცემის ნელი ტემპის გამო. 

 

მსგავსი სიახლეები