გერმანია უკრაინელი ლტოლვილებისთვის €2 მილიარდის ფინანსურ დახმარებას გამოყოფს
გერმანიის ფედერალური მიწების ლიდერები ხუთშაბათს ხარჯების განაწილების მექანიზმზე შეთანხმდნენ უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად და მათი ინტეგრაციისთვის.
გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და ფედერალური მიწების პრემიერებს შორის რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, შეთანხმდნენ, რომ უკრაინელმა ლტოლვილებმა გერმანიაში უნდა მიიღონ ისეთივე დონის მხარდაჭერა, როგორსაც Hartz IV-ის კეთილდღეობის პროგრამა ითვალისწინებს.
შოლცმა თქვა, რომ ფედერალური მთავრობა უკრაინელი ლტოლვილების განსახლებისა და ინტეგრაციისთვის 2 მილიარდ ევროს გამოყოფს.
Hartz VI-ის ბენეფიციარი საშუალოდ თვეში დაახლოებით 400 ევროს იღებს.
კანცლერის თქმით, უკრაინიდან ლტოლვილები 1 ივნისიდან შეძლებენ გერმანიაში ძირითადი ბენეფიტების მიღებას.
მან აღნიშნა, რომ გერმანიის სოციალური დაცვის სისტემაში ჩართვა უკრაინელ ლტოლვილებს გაუმარტივებს ინტეგრაციას და გერმანიაში დარჩენას. უკრაინელი ლტოლვილები ასევე მარტივად დასაქმდებიან, მიიღებენ ჯანდაცვას და გაივლიან გერმანული ენის კურსებს.
ფედერალური პოლიციის ცნობით, გერმანიამ დაახლოებით 316 000 უკრაინელი ლტოლვილი დაარეგისტრირა, მათგან 60 000 ბერლინშია.