გერმანია უკრაინის კიბერუსაფრთხოებისთვის 1 მილიარდ ევროს გამოყოფს
გერმანიის მთავრობა 2023 წლის ბიუჯეტიდან დამატებით 1 მილიარდ ევროს გამოყოფს უკრაინის მხარდასაჭერად. ეს თანხა რუსული კიბერშეტევებისგან დასაცავად და ომის დანაშაულებებთან დაკავშირებით მტკიცებულებების შესაგროვებლად დაიხარჯება. ამის შესახებ ინფორმაციას 11 ნოემბერს Reuters ავრცელებს.
დაფინანსების ნაწილი გადაეცემა სპეციალისტთა ჯგუფებს, რომლებიც აღრიცხავენ ადამიანის უფლებების დარღვევისა და ომის დანაშაულების მტკიცებულებებს, მათ შორის უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან რუსული ჯარების გასვლის შემდეგ.
დამატებითი თანხები დაიხარჯება რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად, მათ შორის ჟურნალისტების დასაცავად ბელორუსში, რუსეთსა და უკრაინაში.
დაფინანსების საკითხი გერმანიაში დებატების ფონზე გადაწყდა. ამ დახმარების ინიციატორები გერმანელი მწვანეები არიან.
"უკრაინის ბიუჯეტი ცხადყოფს, რომ ჩვენი მხარდაჭერა სცილდება მნიშვნელოვანი და აუცილებელი იარაღის მიწოდებას", - თქვა მწვანეთა დეპუტატმა რობინ ვაგენერმა, უკრაინის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელმა. "ჩვენ დიდ ინვესტიციას ვაკეთებთ მშვიდობისთვის ევროპასა და უკრაინაში".