გერმანიამ უკრაინისთვის 88 "ლეოპარდ 1"-ის გადაცემა დაამტკიცა
გერმანული მედიის თანახმად, გერმანიის მთავრობამ ნებართვა გასცა, უკრაინას 88 ცალი ლეოპარდ 1-ის ტიპის ტანკი გადაეცეს.
გაზეთ Süddeutsche Zeitung-ის ცნობით, მთავრობამ იარაღის მწარმოებელ კომპანია Rheinmetall-ს უფლება მისცა, უკრაინელებს 100 მილიონი ევროს ღირებულების ტანკები გადასცენ.
უკრაინელებისთვის გადასაცემ ლეოპარდებს ჯერ შეკეთება სჭირდება.
გასულ კვირას გერმანიამ უკრაინისთვის ევროპულ კოალიციასთან ერთად 80 ლეოპარდ 2-ის გადაცემის შესახებ გამოაცხადა, აქედან 14 უკრაინელებს უშუალოდ გერმანული მარაგებიდან მიეწოდებათ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური, ვალერი ზალუჟნი, დეკემბერში ამბობდა, რომ მტრის დასამარცხებლად უკრაინას 300 ტანკი სჭირდება.
ევროპელების გარდა, უკრაინელებს ტანკებს აშშ-ც გადასცემს, საიდანაც კიევი აბრამსის ტიპის 31 ტანკს მიიღებს.
თავის მხრივ, ბრიტანეთი უკრაინას ჩელენჯერ 2-ის ტიპის ტანკების გადაცემას დაპირდა.