გერმანიის არმიის თანამშრომელი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

გერმანიის კრიმინალურმა პოლიციამ ოთხშაბათს ბუნდესვერის თანამშრომელი დააკავა, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი.

ამ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

ფედერალური პროკურატურის ცნობით, მამაკაცი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურისთვის მუშაობაშია ეჭვმიტანილი და ახლა ის პატიმრობაშია. სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს მისი ბინა და სამუშაო ადგილი.

გამოძიების ინფორმაციით, სავარაუდოდ, ამ წლის მაისიდან, ის "თავისი ინიციატივით" რამდენჯერმე დაუკავშირდა რუსეთის საკონსულოს ბონში და რუსეთის საელჩოს ბერლინში და შესთავაზა მათთან თანამშრომლობა. ამავდროულად, მან დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ინფორმაცია გადასცა თავისი პროფესიული საქმიანობიდან, რათა რუსეთის სპეცსამსახურებისთვის გადაეცათ.

დაკავებული გერმანიის მოქალაქე, სახელად თომას ჰ., გერმანიის შეიარაღებული ძალების აღჭურვილობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და უტილიზაციის ოფისის თანამშრომელია.

გერმანიის იუსტიციის მინისტრმა მარკო ბუშმანმა ტვიტერზე მადლობა გადაუხადა უსაფრთხოების ორგანოებს და დაწერა, რომ დაკავებული მამაკაცი ოფიცერია.

"სიფხიზლე დღის წესრიგში რჩება," - თქვა მან.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გერმანიის უსაფრთხოების სექტორში დასაქმებული ეჭვმიტანილია რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. გასული წლის დეკემბერში დააკავეს გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურის თანამშრომელი და რუსეთის დაზვერვისთვის სახელმწიფო საიდუმლოების გადაცემაში დასდეს ბრალი.

ერთი თვით ადრე ბუნდესვერის რეზერვის ოფიცერს პირობითი პატიმრობა მიესაჯა რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურისთვის წლების განმავლობაში ინფორმაციის მიწოდებისთვის.

მსგავსი სიახლეები