გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლები რუსეთის ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილი

გერმანიის ფედერალური ეკონომიკის სამინისტროს ორი მაღალჩინოსანი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ ინფორმაცია Die Zeit-მა ოთხშაბათს, 31 აგვისტოს გაავრცელა.

ეს ჩინოვნიკები გერმანიის მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის ფორმირებაზე პასუხისმგებელი დეპარტამენტის სტრუქტურაში მუშაობენ. მათ წინააღმდეგ გამოძიებას კონსტიტუციის დაცვის ფედერალური სამსახური (BfV) აწარმოებს.

Die Zeit-ის ცნობით, საქმე კონსტიტუციის დაცვის სამსახურს მას შემდეგ გადაეცა, რაც სამინისტროში ორი თანამშრომლის მიმართ გაჩნდა ეჭვი. ისინი გაზისა და ენერგეტიკული პოლიტიკის დოკუმენტების პროექტების შედგენისას მკაფიო პრორუსული პოზიციებით გამოირჩეოდნენ.

BfV-მ შეისწავლა ორივე თანამდებობის პირის ბიოგრაფიები და ყურადღება გაამახვილა ზოგიერთ "მახასიათებლებზე", წერს გაზეთი ბერლინის უსახელო წყაროებზე დაყრდნობით. ერთ-ერთ შემთხვევაში საუბარი იყო რუსეთში სტაჟირებაზე.

კონსტიტუციის დაცვის ოფისმა ასევე შეისწავლა ორივე თანამდებობის პირის მოგზაურობის ისტორია და შეამოწმა, იყვნენ თუ არა ისინი მივლინებებში, აქვთ თუ არა "მარშრუტიდან საეჭვო გადახრები". ასევე შეისწავლეს მათი პირადი ურთიერთობა და მეგობრული კონტაქტები რუსებთან. როგორც Die Zeit წერს, ჯაშუშობის დამადასტურებელი მტკიცებულებები ნაპოვნი არ არის და მხოლოდ ჩინოვნიკების "რუსეთთან ემოციური სიახლოვე" დადგინდა.

მსგავსი სიახლეები