გერმანიის ფინანსთა მინისტრი გაზის საფასურზე: პუტინის შანტაჟს არ დავყვებით
გერმანიის ფინანსთა მინისტრი, კრისტიან ლინდნერი რუსეთის მიერ დასავლეთის სახელმწიფოებისთვის წაყენებულ ულტიმატუმს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ბუნებრივი აირის საფასური რუბლებში უნდა გადაიხადონ.
"მივმართავ რუსეთის პრეზიდენტს, მინდა ხაზგასმით ვთქვა - ჩვენ არ დავყვებით თქვენ შანტაჟს, რუსული გაზის საფასურს რუბლებში არ გადავიხდით, არც ახლა და არც მომავალში",- წერს ლინდნერი თავის ტვიტერზე.
ლინდნერმა იქვე განმარტა, რომ ფედერალური მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება მაქსიმალურად სწრაფად შემცირდეს.
ვლადიმირ პუტინმა 23 მარტს გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით რუსული გაზის საფასური "არამეგობრულმა" სახელმწიფოებმა არა ევროებში ან რომელიმე სხვა ვალუტაში, არამედ რუსულ რუბლებსი უნდა გადაიხადონ.
მიუხედავად ამისა, მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტი მსგავს რამეს არ ითვალისწინებს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა უარს ამბობს პუტინის მოთხოვნაზე.
რუსეთმა უკვე შეწყვიტა ბუნებრივი აირის მიწოდება პოლონეთისა და ბულგარეთისთვის, რომლებმაც თავის მხრივ უარი თქვეს რუბლის სქემაზე.