გერმანიის განათლების მინისტრი ტაივანს ეწვია
გერმანიის განათლების მინისტრმა ბეტინა სტარკ-ვაცინგერმა ტაივანთან მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ "გაფართოვონ თანამშრომლობა, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიულ ღირებულებებზე, როგორიცაა გამჭვირვალობა, ღიაობა, კომპლემენტარულობა და აკადემიური თავისუფლება." ამის შესახებ 21 მარტს Deutsche Welle წერს.
გერმანელმა მინისტრმა ტაივანთან ურთიერთობაში "კვლევისა და ინოვაციების ახალი ეტაპი" გამოაცხადა. სტარკ-ვაცინგერმა აღნიშნა, რომ ორდღიანი ვიზიტის მიზანი "პროფესიული გაცვლაა" და არ არის დაკავშირებული "გეოპოლიტიკურ მიზეზებთან."
გერმანიის განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ ტაივანში ვიზიტი ფოკუსირებული იქნება ნახევარგამტარულ კვლევებში თანამშრომლობაზე, ეგრეთ წოდებული მწვანე წყალბადის სამრეწველო გამოყენებაზე და ბატარეებზე.
ჩინეთი გერმანელი მინისტრის ტაივანში ვიზიტს აპროტესტბს
ეს გერმანიის მთავრობის წევრის პირველი ვიზიტია ტაივანში 26 წლის განმავლობაში. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სტარკ-ვაცინგერის გააკრიტიკა და მის ვიზიტს "ბოროტი" მცდელობა უწოდა. პეკინმა "დიდი უკმაყოფილება" გამოთქვა ჩინეთში გერმანიის საელჩოს, ისევე როგორც გერმანიის მთავრობის მიმართ.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვანგ ვენბინმა ბერლინს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თანამშრომლობა ტაივანის ხელისუფლებასთან, არ გაუგზავნოს "ცრუ სიგნალები" და არ ჩაერიოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შიდა საქმეებში.
სტარკ-ვაცინგერს პეკინის პროტესტზე კომენტარი არ გაუკეთებია.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გერმანია ინარჩუნებს მჭიდრო და კარგ ურთიერთობას ტაივანთან და მინისტრების ვიზიტები "სრულიად ნორმალურია" და არ ეწინააღმდეგება "ერთი ჩინეთის პოლიტიკას".
ბოლოს ტაივანს 1997 წელს ეწვია გერმანიის ეკონომიკის მინისტრი გიუნტერ რექსროდტi.